ქართული სახარება-პალიმფსესტი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრს შეემატა

ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ეს გადაწყვეტილება ოქტომბერში პარიზში გამართულმა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო.
როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, ქართული ხელნაწერი შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს, რომლებშიც სულ მცირე ოთხი ხელნაწერია. ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი.  შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქრონოლოგიაც.
IX-X საუკუნეებით განსაზღვრული უძველესი შრე ასომთავრულითაა ნაწერი, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით.
ხელნაწერს ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით. ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი, ბერი ესტატეა.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან მოხვდა.
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში, ახალი ნომინაციის გარდა, შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:
1. ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013);
2. ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015): ანბანდიდი სახარება (IX ს.), ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.), ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.), ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.), ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი), შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი), შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი), მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები