საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისია შეიქმნა

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ორ კომისიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვის კომისია იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანდა, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას ტრანსპორტის თემები გამოეყო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიად ჩამოყალიბდა.

აღნიშნული საკითხი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა.

მისი განცხადებით, სტრუქტურული მოწყობის შესახებ მოქმედი  კომისიების შინაარსი  და “ქართული ოცნების” გუნდის ხედვა ქალაქში არსებულ გამოწვევებს,  მათ შორის იმ პროგრამულ პრიორიტეტებს, რომლითაც მომავალი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აპირებს მუშაობას,  პირდაპირ ესადაგება.

“ამ კომისიების არსებობა მიზანშეწონილია და ჩვენ მხოლოდ მცირე კორექტივების შეტანაზე ვფიქრობთ. დარწმუნებული ვართ, რომ კომისიების აქტიური მუშაობით საკრებულო დედაქალაქის მთავრობას იმ პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება, რომლითაც თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად უნდა გადაიქცეს“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღესვე დეპუტატების უმრავლესობამ სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თედო ისაკაძის, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი ლევან ჟორჟოლიანის კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები