საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას – „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტში ორდღიანი კონფერენცია „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” გაიხსნა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ გახსნა და განაცხადა, რომ კონფერენციის მონაწილეები, ორი დღის განმავლობაში, საერთო პრიორიტეტებსა და მომავალზე იმსჯელებენ.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია ვუმასპინძლოთ ასეთ წარმომადგენლობით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას. ამ ორი დღის განმავლობაში ევროკავშირთან ერთად, შესაძლებლობა გვექნება ვიმსჯელოთ საერთო პრიორიტეტებზე და მომავალზე. არსებული გამოწვევების ფონზე, ეს დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია. სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და კითხვა, რომელიც ძალიან ხშირად ისმოდა – თუ რას ველით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისგან, უკვე აღარ ისმის, რადგან ეს ფურცელი გადაშლილია”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები და შემდეგი პერიოდისთვის უკვე კონკრეტული გეგმები.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კრეტიკულმა ტალღამ ევროკავშირში გადაიარა, ჯერ კიდევ ევროკავშირი კონცენტრირებულია შიდა საკითხებზე – ზრუნავს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე, ზრუნავს შიდა რეფორმებით ერთობის შენარჩუნებაზე. ამ ფონზე მნიშვნელოვანია დისკუსიაში ჩაერთოს პარლამენტები”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში არამხოლოდ საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, არამედ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიც მონაწილეობენ.

„60 წელია ევროკავშირის ერთობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ბევრს აძლევს მაგალითს. ბევრმა ქვეყანამ წარმატებით გაიარა ინტეგრაციის გზა. ზოგიც ახლაა შემდგარი ამ რთულ გზაზე, ზოგს აქვს პოლიტიკური ამბიცია ევროკავშირში გაწევრიანების, ზოგს შეიძლება ეს ამბიცია არ აქვს, მაგრამ მეტი თანამშრომლობისკენ და ჩართულობისკენაა მოწოდებული. საქართველოს არჩევანი ნათელია. ჩვენ ძალიან გეგმაზომიერი ნაბიჯებით მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. გვჯერა, რომ ჩვენი ერთობა და ძალისხმევა, თქვენი – ჩვენი პარტნიორების ერთობლივი სვლა ამ გზაზე, მოგვიტანს შედეგს და გაგვაძლიერებს”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გამოსვლისას საპარლამენტო პლატფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პარლამენტების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს პარლამენტი, ისევე როგორც, აქ წარმოდგენილი ყველა ქვეყნის პარლამენტი, აქტიურად მონაწილეობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო პრიორიტეტების ფორმირებაში. საქართველოს პარლამენტი ყოველდღიურად არის ჩართული ევროინტეგრაციული დღის წესრიგის განხორციელების პროცესში”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ კონფერენციის ესოდენ მაღალი წარმომადგენლობით ჩატარება საერთო ევროპული ფასეულობებისა და ევროპული ოჯახის საერთო ინტერესების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოწმობს.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის წევრობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი იყო  და არის მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილური განვითარების უნიკალური მოდელი. იგი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაციის ფარგლებს და გახდა თავისუფლების,  სამართლიანობისა და დემოკრატიის გარანტია ევროპულ სივრცეში.

ღირებულებითი თანხვედრის გარდა, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია პრაგმატულ არგუმენტებსაც ეფუძნება. ევროპული ოჯახის წევრობა ნიშნავს მშვიდობიან, სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ფუნქციონირებად ეკონომიკას, თვითრეალიზების საშუალებას  ყველა თაობისთვის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის. ქართველი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ეს მიზანი სათანადოდ აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ სპეციალურ  საპარლამენტო რეზოლუციაში, რომლითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს მთავარ საგარეო პრიორიტეტად და ამოცანად დაფიქსირდა.  პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უფრო მეტიც, მიმდინარე წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, ყველა ორგანოს კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აქტიურად ვთანამშრომლობთ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. ახლახან დამტკიცებული 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი ბევრად უფრო ამბიციური დოკუმენტია, ვიდრე მისი წინამორბედი. და პარლამენტი მზად არის, ძალიან მჭიდროდ და კიდევ უფრო მეტი ენერგიით ითანამშრომლოს როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება სწრაფად და  წარმატებით შეასრულოს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს რეფორმები საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოებას ემსახურება.

„საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს შიდა რეფორმებს იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ქვეყანაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული რეფორმები, განხორციელდა წარმატებით საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, ძლიერდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხორციელდება დეცენტრალიზაციის რეფორმა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები ხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით. პარლამენტმა დაამტკიცა გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სპეციალური ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომლის საფუძველზეც დაჩქარდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წლევანდელი პირველი ათი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 4.9 % რაც არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, ამისთვის ტარდება სოციალური რეფორმები, და შეიძლება აღინიშნოს, რომ 2012 წლის შემდეგ, თუ 2012 წელს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იყო 1.6 მლრდ ლარი, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს ჯანდაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი  ევროპელ პარტნიორებთან და მეგობრებთან თავის კავშირების გაფართოებას განაგრძობს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებების გაფორმებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ ორმხრივი კავშირები და ამასთან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი კოლეგების წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ.

ჩვენ დაინტერესებული ვართ ძლიერი და სტაბილური ევროკავშირით, რომლის თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოლიტიკა შიდა და გარე პროცესებთან დაკავშირებით.  მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობთ,  მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ როგორც ევროკავშირის  გაძლიერებაში, ასევე, მის ახლო თუ შორეულ სამეზობლოებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ევროკავშირში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ღრმად მწამს, რომ ვიდრე ევროპის კონტინენტზე იქნება მშვიდობის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საერთო ინტერესი, ევროკავშირს ყოველთვის ექნება არსებობის და კიდევ უფრო გაძლიერების პოტენციალი. საქართველო მზად არის, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

„დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასეთი მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის 60 წლის იუბილეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ უპრეცენდენტო იდეის წარმატებამ ევროპის კონტინენტს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს  საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა. პრემიერმა ისაუბრა ევროკავშირის მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, ევროკავშირის ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა საქართველოს რეფორმების და მოდერნიზაციის ქვაკუთხედად იქცა.

„ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები  დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. განსაკუთრებით, ჩვენთვის, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე გვაღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს. ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც სათანადო  პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს. ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს რეფორმების და მოდერნიზაციის ქვაკუთხედად. ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად, რომლის მიზანია დემოკრატიული, განვითარებული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. საქართველო საფუძვლიანად მიიჩნევს თავს ევროპული ინტეგრაციის პროექტის წარმატების ერთ-ერთ მაგალითად. საქართველო აფასებს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, დავხვეწოთ მმართველობა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით უზრუნველვყოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისთვის, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ გამოწვევებთან გამკლავება საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციითა  და მეტი ჩართულობითაა შესაძლებელი.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმის შესახებაც და განაცხადა, რომ ხელისუფლების საპარლამენტო შტოს გაძლიერება ევროკავშირთან დაახლოების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

„საკონსტიტუციო რეფორმით, 2024 წლიდან, საქართველო სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას კი უდიდესი როლი ენიჭება რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების საპარლამენტო შტოს გაძლიერება კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – იანოშ ჰერმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში – ნილს სკოტმა.

იანოშ ჰერმანმა პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპარლამენტო გადაწყვეტილებები მომავალს შეეხება. მისივე თქმით, ევროკავშირში გაერთიანების მომავლის შესახებ დებატები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც იღებდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის, რომ საქართველო იღებდეს მონაწილეობას ამ დებატებში, იმიტომ, რომ ამით განისაზღვრება ჩვენი საგარეო ურთიერთობებიც. უკვე ითქვა, რომ ევროკავშირი იყო ძალიან ეფექტური და ინტენსიური წვლილის შემტანი სტაბილურობაში და ეკონომიკურ განვითარებაში. ის ხელს უწყობდა გაფართოების პროცესსაც. ევროკავშირი იყენებს ბევრ ინსტრუმენტს, რომ ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნების განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც ბევრი საკითხი დაისვა თანამშრომლობისა და ხელშეწყობის თაობაზე და  ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ და რა მიმართულებით წავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან და აუცილებლად უნდა ვახსენო აქ საქართველო. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რა მიღწევები აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და ეს არის ძალიან მყარი საფუძველი შემდგომი ქმედებების განსახორციელებლად. ჩვენი ვალდებულებაა, დავინახოთ მიღწევები და ვაღიაროთ ეს მიღწევები და ეს აისახა კიდეც ევროკავშირის სხვადასხვა დოკუმენტში. ეს აღნიშნული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც და აღინიშნება შემდგომშიც.

უნდა ვიფიქროთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში დაახლოებისთვის, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო განვითარდეს.  დიდი მადლობა საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, ფიქრს იმაზე, თუ რას მივაღწიეთ და რა უნდა გავაკეთოთ  მომავალში და ცხადია, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ გრძელვადიან პერსპექტივაში”,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

გაეროს მუდმივი კოორდინატორის განცხადებით, კონფერენციაში, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, გამოწვევებსა და მიღწევებზე გამახვილდება ყურადღება.

“კონფერენციის თემა “მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისათვის” არის ერთ-ერთი მდგრადი განვითარების მიზნის ასახვა და გამოხატულება იმიტომ, რომ ყველა უნდა განვითარდეს, არავინ უნდა დაგვრჩეს უკან და ამ განვითარების პროცესში უნდა ვიზრუნოთ ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებაზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე და მომავალში ეს უნდა იყოს ყველასათვის ერთნაირად ხელმოსაწვდომი. ეს ამოცანები გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარებაზე, ვიმუშაოთ ეკოლოგიურ საკითხებზე, ჩავრთოთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ყველა მიზნის მიღწევაში. რა თქმა უნდა, კრიტიკაც ისმის ამ საქმიანობის განხორციელებისას, მაგრამ ეს კარგია. ასევე, ეს სამუშაოები გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ ახალი პრიორიტეტები და საჭიროებები ახალი კოალიციებისათვის”, – განაცხადა ნილს სკოტმა.

მისივე განცხადებით, გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს სხვადასხვა ხალხს და პარლამენტს, მათ შორის საქართველოს, დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და საერთაშორისო ინტეგრაციაში.

ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებისა და ხედვების შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა.

„დღევანდელი კონფერენცია განსაკუთრებით დროულია იქიდან გამომდინარე, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი  გაიმართა, რომელიც ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ერთობის ნათელი მაგალითი გახლდათ. ერთობა მრავალფეროვნებაში ევროკავშირის ერთ-ერთი მიზანი და კონცეფციაა, რომელიც სრულად ესადაგება აღმოსავლეთ პარტნიორობას. აღმოსავლეთ პარტნიორობა გარდამტეხი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა პარტნიორი ქვეყნებისა და თავად ევროკავშირისთვის”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ვიცე-პრემიერი ევროპარლამენტის მიერ მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით,  „ეს იყო ნამდვილად ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირის პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ევროპული სტრუქტურებისადმი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ  ძირითადი სულისკვეთება და ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულება შეინარჩუნა.

„პრაქტიკული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის პარტნიორობის შემდგომი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. თუმცა, ჩვენ უნდა გავიხედოთ უფრო შორს და სტრატეგიულად ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე იმისთვის, რომ ჩვენს პოლიტიკას ახალი იმპულსი და დინამიკა შევძინოთ. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც უპასუხებს ყველა მოლოდინს. მომავალი არის ევროპაში. აღმოსავლეთ პარტნიორობამ შემოგვთავაზა კონკრეტული ჩარჩო და ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ამ ჩარჩოს ფარგლებში და მის მიღმა ჩვენი ხედვის განხორციელებას”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ნაბიჯების გადადგმა იგეგმება 6 მიმართულებით, ესენია:  სამართლებრივი და ინსტიტუციონალური დაახლოება; ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა; ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება; თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებული თანამშრომლობა; ევროკავშირთან ურთიერთკავშირების გაღრმავება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ენერგო და სატრანსპორტო სტრუქტურის განვითარებითა და აღნიშნული ინფრასტრუქტურის პანევროპულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრირებით,  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯები კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს ინტეგრაციის გზაზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ ყველა რეფორმას, წარმატებულ რეფორმას ვახორციელებთ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც უკვე აღინიშნა, პრემიერ მინისტრის მიერ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მოკლებულია ამ სარგებელს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავუზიაროთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, რომ გამოვძებნოთ ის გზები, თუ როგორ ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ჩვენმა მოსახლეობამ ამ სიკეთეებით. ამისთვის ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს და შესაძლებლობებს ვქმნით. ჩვენი მიზანია, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად აქტიური როლი შეასრულოს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ორდღიანი კონფერენცია –  „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ტარდება.

კონფერენციის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის განხილვა და ევროინტეგრაციით შთაგონებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა. კონფერენციაში მონაწილეობს 17 ქვეყნის პარლამენტების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროპარლამენტის წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ასევე, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები