„პაპაჩემისგან ვიცი, გიორგი ლეონიძემ საკუთარი თვალით ნახა ვირზე უკუღმა შესმული მარიტა“…

პატარძეულში დაბადა და გაიზარდა… გიორგი ლეონიძის საოცნებო სოფელში საინტერესო ბავშვობა ჰქონდა. უცხო ენების და კონკრეტულად, ფრანგულის სპეციალისტია. ამჟამად საგარეჯოს რაიონის პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების თავმჯდომარედ მუშაობს.
ლექსების პირველი კრებული 1994 წელს გამოიცა და უკვე 10 წიგნის ავტორია. მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები  ხშირად ისმის საქართველოს რადიოში.
ბოლო წლებია, მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა, მაინც ინტენსიურად წერს და არც ლიტერატურულ პროცესებს ჩამორჩება. მეუღლე და შვილები ეხმარებიან ლექსების ჩაწერაში. აპირებს დიდი კრებულის გამოცემას, რომელიც თემებად იქნება დალაგებული.
ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა მისი ჯანმრთელობაა, თუმცა თვალების ოპერაციას დიდძალი თანხა სჭირდება. ეძებს სპონსორს და იმედს არ კარგავს. – რომან ზუკაკიშვილის პერსონა.

 – როგორც ყველას ბავშვობა, ჩემიც საინტერესო იყო. ძალიან ლამაზი ბუნება და პეიზაჟებია… ხშირად მიხდებოდა გიორგი ლეონიძის მუზეუმში გადასვლა და ასე მეგონა, სულ სხვა სამყაროში გადავდიოდი და ნატვრის ხის პერსონაჟებს ვეხები-მეთქი. ბავშვობიდან ფეხბურთი ისე მიყვარდა, არ მეგონა, თუ ფეხბურთელი არ გამოვიდოდი… მერე ვხატავდი კიდეც, მაგრამ ხომ იცით, როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება და სულ სხვა გზით წავიდა ჩემი ცხოვრება. მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა.
– ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყეთ?
– კი, მეოთხე კლასიდან. პირველი ლექსი უბნის მეგობრებს მივუძღვენი, ასე 10 წლის ვიქნებოდი. პატარა პოეტოო, ასე მეძახდა ყველა, ვისთანაც ვთამაშობდი.
– მშობლები და ოჯახი… პაპა სოფლის კოლორიტი იყო…
– დედას წიგნების კითხვა უყვარდა, ძალიან მოსიყვარულე იყო, მამაჩემსაც უყვარდა ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა… მამა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი… მამა ჯანმრთელი, ფიზიკურად მშრომელი, მაგრამ უცაბედად გარდაიცვალა.
პაპაჩემი – ზაქარია, შაქრო ფილმ ჯარისკაცის მამის ზუსტი პროტოტიპი იყო – რუსული მეტყველებით, სიარულით, ხმის ტემბრით, სერგო ზაქარიაძეს ჰგავდა… ცოტა გვიან წავიდა ფრონტზე და მედლებით სავსე დაბრუნდა იქიდან. პატარძეულში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი წლით უფროსი იყო გოგლაზე, დაახლოებით თანატოლები იყვნენ.
– რას ამბობდა გიორგი ლეონიძეზე?
– გიორგი ლეონიძეს ძალიან კარგად ახასიათებდა – ლამაზი, გულჩვილი, კეთილი იყოო. როცა გოგლა ჩამოდიოდა თბილისიდან სოფელში, მაშინ ხვდებოდნენ მას უბნის ბიჭები.
გოგლაზე სხვას მოუყოლია, თვითონ არ შესწრებია.  ერთ ბავშვს ჩიტის ბუდე ჩამოუხსნია,  გიორგიც იქ ყოფილა და ტირილი დაუწყია. ეს ბუდე ისევ იქ დადე, ჩიტს არ მოუშალო, თორემ მოვკვდებიო. ისეთი ისტერიულად ტირილი დაუწყია გოგლას, ის ბავშვი შეშინებული ყვებოდა თურმე, ვიფიქრე, რამე არ დაემართოს თბილისელ ბიჭსო და თავის ადგილზე დაუდვია ბუდე…
ჩემს უბანში ღვთისმშობლის ეკლესიაა, ძალიან წყნარი უბანია, ესაზღვრება გიორგი ლეონიძის უბანს. პაპაჩემისგან ვიცი ისიც, პატარა ყოფილა და ორღობეში ვირზე უკუღმა შესმული ქალი ჩამოუტარებიათ… გიორგი ლეონიძემ საკუთარი თვალით ნახა ვირზე უკუღმა შესმული მარიტა…
სოფლის ქალები გვეუბნებოდნენ,   კენჭები ესროლეთ, ცუდი ქალიაო…  ანუ რაც „ნატვრის ხეში“ ასახა გიორგი ლეონიძემ, ნამდვილია. ან ნახა გოგლამ ეს სურათი, ან სოფლელი ბიჭებისგან მოყოლილ ამბავზე დაწერა თავისი ცნობილი წიგნი.
– რას ნიშნავს ზუკაკი და  ზუკაკიშვილის გვარის წარმოშობაზე გვიამბეთ…
– პატარძეული დიდი სოფელია.  სოფელში 100-ზე მეტი გვარის ადამიანი ცხოვრობს, სიმრავლით პირველი გვარი უსტიაშვილია, მერე მოდიან ზუკაკიშვილები და მერე – ონაშვილები.
გვარის ისტორიაზე სერიოზული ნარომები დავწერე, ზუკაკიშვილები მაინც წარმოშობით პატარძეულიდან არიან, მერე ზოგი თბილისში, ზოგი თელავში და საქართველოს სხვა რაიონებში… ზუკაკა მკვირცხლი, ონავარი კაცი იყო, მის შთამომავლებს ზუკაკიშვილებს ეძახდნენ და მერე იქიდან გვარიც ჩამოყალიბდა. ძირითადად, პატარძეულელები არიან, სადაც 50-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
სკოლის მერე პროფტექნიკური სასწავლებელი დავამთავრე, პროფესიით ავტოშემკეთებელი ვიყავი. მამის გარდაცვალების მერე შრომით საქმიანობას ვეწეოდი, ცოტა მოგვიანებით უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე. ჩემი სპეციალობა ფრანგულია.
სხვადასხვა დროს ვმუშაობდი სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილებაში უცხო ენების მეთოდისტად. მერე საგარეჯოს რაიონის პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების თავმჯდომარედ ამირჩიეს. დღემდე აქ ვმუშაობ…
მეუღლე თინა პედაგოგია, სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. მყავს ორი შვილი –  დემეტრე იურისტია, გიორგი – სკოლის მოსწავლე.
– 10 კრებულის ავტორი ხართ… როდის გამოეცი პირველი კრებული?
საკმაოდ გვიან, 1994 წელს, უკვე ინსტიტუტიც დამთავრებული მქონდა. რედაქტორი სილოვან ნარიმანიძე  იყო. კრებულს „სინანულის დღე“ ჰქვია.
– კრებულიდან კრებულამდე უამრავი სათქმელი გროვდება…
ყოველდღიურობას და ურთიერთობებს მრავალი სათქმელი მოაქვს, ემოციას და შთაგონებას ამძაფრებს. იწერ ყველაფერს, მერე ზოგი მოგეწონება, ზოგიც – არა… მე უმთავრესად ვცდილობ, ლექსი როგორც დაიწერება, უცვლელად დავტოვო. გადაკეთებას ვერიდები…  არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ეგრევე ვტოვებ. კრებულიდან კრებულამდე სათქმელი ბევრი გროვდება… მაგრამ ხომ იცი, პოეტებს რა გაჭირვება გვაქვს, სამწუხაროა, რომ ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება და წიგნის გამოცემას სოლიდური თანხა სჭირდება. მე რაიონი დამიდგა მხარში, 6 წიგნი რაიონმა დამიფინანსა.
– რომელ კრებულს გამოყოფდი, რომელი მიგაჩნია შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპად, წიგნად…
– კრებული „ვილოცოთ ერთმანეთისთვის“, რომელშიც ალბათ 500-მდე ლექსია თავმოყრილი. მგონია, რომ  მასში ჩემი სულის დიდი ნაწილია მოქცეული. ისე კი, პოეტი ყველა ლექსში სულს დებს და  ჩვენს სისხლ-ხორცად მიგვაჩნია. ამ წიგნს გამოვყოფდი მაინც.
– თქვენი ლექსებიდან რომელს აქვს საინტერესო ისტორია?
– ახლა რასაც მოგიყვები, შეიძლება არ დაიჯერო, არც მე არ დავიჯერებდი, თვითმხილველი რომ არ ვიყო. ეს იყო საოცრება, 1989 წლის 1 აგვისტო არასდროს დამავიწყდება. ლექსი მაშინვე, წუთებში დავწერე  და მივაწერე თარიღი. ნანახი ჩემი თვალებიდან არ წაიშლება.
ერთ ჩემს ახლობელს მიტოვებული ჰქონდა წინაპრის ეზო-კარი, რომელიც მოუვლელი, შამბით და ბალახით სავსე იყო. ქვეწარმავლებიც ნახა ეზოში… ვერ აიტანა, როგორ თუ გველებმა უნდა დაიბუდონ ჩემს ეზოში, ჩემი წინაპარი რას იტყვისო და დაიმუქრა, რომ მიტოვებულ ეზოში სახლს ააშენებდა.
დაიწყო საძირკვლის ჩაყრა, მეგობარს მეც ვეხმარებოდი… უცებ ვხედავთ, საიდანღაც  ბეღურის მსგავსი ჩიტი მოფრინდა, რომელ ნიჩაბსაც ავიღებდით, ნიჩაბზე, მხარზე გვაჯდებოდა, სუფრა რომ გავშალეთ, დოქზე წამოსკუპდა, სუფრაზე დაგვიჯდა, ხელი გავუშვირე, პურის ნამცეცები დავიყარე და ხელისგულზე დამიჯდა, აკენკა… გაოცებულები ვიყავით, მთელი დღის განმავლობაში, სანამ ეს მუშაობა მიდიოდა, არ მოგვშორებია, იქ იყო ის ჩიტი… მოფრინდებოდა, გაფრინდებოდა… როდესაც მორჩა და საძირკველი ჩავყარეთ, როცა მოვრჩით, მოვიკითხეთ, მაგრამ სად იყო? გაფრინდა და აღარ გამოჩენილა. წარმოვიდგინეთ, რომ ფუძის ანგელოზი იყო, მოფრინდა, უხაროდა, საძირკველი ჩაიყარა და ამის შემდეგ ის ჩიტი აღარ გამოჩენილა. თითქოს ზღაპარს ვყვები… არ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა.
ამ ამბით შთაგონებულმა დავწერე ლექსი: „ფუძის ანგელოზი“, რომელიც ორ წიგნში შევიტანე. ახლა პატარძეულში მშვენიერი კოპწია სახლი დგას. ეს მსახიობი კაცი  ხშირად ჩამოდის და აკითხავს თავის ეზოს.
– შთაგონება როგორ მოდის, როგორ წერთ, ამ ბოლო წლებში ხომ ჯანმრთელობა გაგიუარესდათ…
– უცებ მოდის შთაგონება, თითქოს რაღაც გაწვალებს, მოუსვენრად წამოვხტები, სანამ ქაღალდზე არ გადმოვიტან, ვერ ვმშვიდდები…
ბოლო წლებში დიდი პრობლემა შემექმნა, მხედველობას ვკარგავ და ძალიან ვწვალობ  ამ მხრივ. უცებ რომ მოვა შთაგონება, უნდა ვუკარნახო შვილებს და მეუღლეს, ან – სამსახურში თანამშრომლებს. თუ მაშინვე არ ჩავწერე, მავიწყდება, მეკარგება აზრი…
– თქვენს ლექსებზე ვაჟა დურგლიშვილმა რამდენიმე ძალიან ლამაზი სიმღერა შექმნა…
– ბატონმა ვაჟამ, ასევე – ზურა ჩინჩალაძემ და სხვა კომპოზიტორებმაც. ათიოდე ლექსი აჟღერდა და რადიოთი ისმის, მაგრამ მრავალი სიმღერა თაროზეა შემოდებული და არანჟირებას ელოდება. მოგეხსენებათ, ჩაწერას სოლიდური თანხა სჭირდება.
– ამ სიმღერებიდან თავად რომელი მოგწონთ?
– „მე ისევ გელი, გელი“… ამ ლექსზე შექმნილ სიმღერას მომღერალი ასრულებს და მათ შორის – სურამელაშვილიც, თუმცა მიყვარს დედაზე სიმღერა, ვაჟა დურგლიშვილის მუსიკაა და ტატო გოდერძიშვილი ასრულებს. ასევე მიყვარს სიმღერა – „ქართველო, დადექ ქართველთან“, რომელსაც თავის დროზე რობერტ ბარძიმაშვილი ასრულებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ის  ჩანაწერი კი არის, მაგრამ თემურ თათარაშვილი მღერის…
– გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატი ხართ. პატარძეულში ყოველ წელს ტარდება გოგლაობა. სასიხარულოა, რომ პატარძეული არ ივიწყებს თავისი მიწა-წყლის შვილს, ბუმბერაზ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს, მაგრამ, ჩვენდა სავალალოდ, მუზეუმს აქვს პრობლემა, ჭერი დაიზანებულია…
–  სამწუხაროდ, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში ჭერი შესარემონტებელია, ადგილზე, კულტურის განყოფილებაზე რაც დამოკიდებულია, ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ალბათ რაღაც მაინც მისახედია, გიორგი ლეონიძე მეტს იმსახურებს, მუზეუმს მენეჯერიც კარგი ჰყავს და ცდილობენ, თუმცა ბევრი რამ არის საჭირო. ახლა ახალი ხელმძღვანელი მოვიდა რაიონში, ძველმა, გულახდილად რომ ვთქვა, მაინცდამაინც ბევრი არაფერი გააკეთა ამისთვის. ახალი ვინც მოვიდა, ვფიქრობ, მეტ ყურადღებას დაუთმობს მუზეუმს, ძალიან კარგი ადამიანია, იმედი მაქვს, რომ გოგლა ლეონიძეს, როგორც ბუმბერაზ პიროვნებას, ღირსეულ პატივს მიაგებს და ეს მუზეუმსაც შეეტყობა. ამის დიდი იმედი მაქვს.
– ლიტერატურული პროცესები დაქსაქსულია. ზოგიერთი მწერალი ფიქრობს, რომ კასტებად დაყოფა არ არის პრობლემა, რადგან დღევანდელობამ მრავალი ნიჭიერი პოეტი და მწერალი გამოავლინა და ესძალიან კარგია. თავად რას იტყოდით, როგორი ვითარებაა დღეს?
– ბევრი მიფიქრია, რა არის ლიტერატურა დღეს. ლიტერატურა არის ერის სულიერი განვითარების, ცხოვრების მემატიანე. უცხოელი, რომელიც ლიტერატურას გაეცნობა, იგრძნობს, რა ერთან აქვს საქმე. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, მუდმივად ვეცნობი ახალ გამოცემებს, მინდა გავეცნო თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებს, რა და როგორ ხდება.
დღეს ლიტერატურაში ისეთი სიტუაციაა, ვეღარ გაიგებს კაცი, ვინ პლაგიატია და ვინ – თავისთავადი. შეიძლება ვცდები, მაგრამ კრიტიკა მინელებულია, სადღაც არის თავისთვის. შეიძლება ერთი მხრივ იმით ამართლებენ, რომ  ლიტერატურა თავისუფალია და როგორ შეიძლება ვინმეს რამე შეუზღუდოო… ვინც რა უნდა, ის წეროს, მაგრამ მეორე მხარეს არ ითვალისწინებენ – ჩვენი მოზარდი, ახალი თაობის ცნობიერება ლიტერატურისადმი კნინდება და ხვალ და ზეგ საგანგაშო მდგომარეობა გვექნება, როცა მოზარდ თაობას, რაც  ცუდი ხდება ლიტერატურაში, ნორმა ეგონება.
მე არ ვარ წინააღმდეგი სიახლეებისა, ახალი სახელები გამოჩნდა, პირიქით, ეს კარგია, მაგრამ ხომ უნდა გავარჩიოთ, რა არის ნიჭიერება და რა – უნიჭობა. ყველა რაღაცს წერს და ზოგიერთი ისეთ რამეს წერს, რომ პოეზიაა თუ სხვა ჟანრი, ვერ გაიგებ. სხვა ჟანრი დაარქვან მაშინ. რატომ არქმევენ პოეზიას იმას, რაც არ არის პოეზია. იმას კი არ ვგულისხმობ თეთრია თუ შავი ლექსი, არა, წაიკითხავ და შიგ არაფერი არ არის, იქ მხოლოდ უწმაწურობა და ნიჭიერება ჩრდილში დგას და უნიჭობას პრემიებს აძლევენ. ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ვინც კონკურსს ატარებს, არის კი კომპეტენტური პირი? სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, თუ ლიტერატურული ტენდენციები ზღვარს გადავა, ლიტერატურა კი არ დაერქმევა, არამედ – უხამსობა.
– შენი ერთი ლექსი…

– ლექსს „მე სიკვდილისთვის არა მცალია“ ჰქვია:

მე სიკვდილისთვის არა მცალია, გამიგებთ ალბათ
ამ ერთ აპრილსაც შემატოვოს ატმების ალმა.
მერე მაისის შემსწრე სიკვდილს რად ვისურვებდი,
მალე ჩემს ფიქრად აბოლდება ვარდის სურნელი.
მერე თიბათვეს დავჭირდები, მინდვრად გავათევ,
მერე ჩემს სათქმელს ოქროს ყანით იტყვის მკათათვე,
კვლავ მოსვენებას აღარ მოგვცემს ფერისცვალება
და უჩემობით თვით სამყარო შემებრალება.
მერე ძმაკაცი დამიძახებს ღვინობის თვეში,
მივიწყებული ბილიკისთვის გული კვლავ მერჩის,
მერე ახალ წლის ჟამი დგება, ლხინის დარია,
არა და არა, მე სიკვდილისთვის არა მცალია.

ჯანმრთელობა გაგირთულდათ,  დიდძალი საოპერაციო თანხა გჭირდებათ…
– 10-12 წლის წინ დაიწყო მხედველობის მკვეთრი გაუარესება, სამედიცინო ენაზე – თვალის ბადურის პიგმენტური დისტროფია. ვგრძნობ, რომ თანდათან უარესდება მხედველობა, შუქჩრდილებს, ლანდებს ვხედავ.
მაინც ვმუშაობ, აქტიურ ცხოვრებაში ვარ ჩართული. საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს ოპერაცია და დიდი თანხაა დასახელებული. ვერავის შევაწუხებ, პირველ რიგში ღმერთის იმედი მაქვს, ცოტა შემრჩება მხედველობა. საზღვარგარეთ ოპერაციას 120 ათასი დოლარი სჭირდება.  ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანე განაცხადი, მაგრამ არ ვიცი, თუ რამეს იღონებენ, იმდენი გაჭირვებულია გარშემო, მერიდება ხალხის შეწუხება….
მეგობრები მპირდებიან, უცხო ენაზე გავავრცელოთ ინტერნეტში, იქნებ სპონსორი გამოჩნდესო…
– ახალი ლექსები…
– მაქვს ახალი ლექსები. გაისად მინდა ჩემი ლექსები ამოვკრიბო სხვადასხვა კრებულიდან და თემატურად დავალაგო – პატრიოტული ლირიკა, სატრფიალო ლირიკა, მიძღვნითი ლექსები, საყმაწვილო პოეზია, შეგონებები…
ახალ კრებულზე ვფიქრობ, მაგრამ რამდენად მოვახერხებ ფინანსურად, ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები