მიხეილ ჯანელიძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკულ სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, ქალაქ აშხაბადში მიმდინარე ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ენერგეტიკული რესურსების სატრანზიტო ქვეყნის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ ქარტიაში. მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების განვითარებას და მათ შორის კარგ შესაძლებლობებს ქმნის თურქმენული გაზის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში. მისი განცხადებით, საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, რაც აკავშირებს მას ევროკავშირის ბაზართან. საქართველო მზად არის მომავალშიც შეასრულოს საიმედო პარტნიორის როლი.

მისი განცხადებით, ენერგომიწოდების დივერსიფიკაცია და სატრანსპორტო კავშირების განვითარება უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნებისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მათ  მდგრად და სტაბილურ განვითარებას.

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის 28-ე შეხვედრას აშხაბადი მასპინძლობს. თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ, ასევე, შეხვედრები გამართა მის თურქმენ კოლეგასთან რაშიდ მერედოვთან და თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები