არჩილ თალაკვაძე: ქვეყნის იმიჯისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დამაჯერებლად შეაფასა და დაღუპული სპეცრაზმელის გმირობას პატივი მიაგო.
„პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ დამაჯერებლად შეასრულეს ამ სპეცოპერაციის ორივე ამოცანა – მოსახლეობის დაცვაც და საფრთხის განეიტრალებაც. რა თქმა უნდა, ივანე გოლოშვილი სამუდამოდ დარჩება გმირების ისტორიას, მან თავდადების მაგალითი მისცა მთელს ქვეყანას და ბუნებრივია, ჩვენ ქედს ვიხრით მისი ვაჟკაცობის წინაშე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად ტერორისტის ვინაობისა, ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს იცავს ტერორიზმის ნებისმიერი გამოხატულებისგან.
„პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში ჩვენ აუცილებლად მოუსმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ სპეცოპერაციის შესახებ. ასევე კოლეგებს ოპოზიციიდან მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო იცავს მოსახლეობას ტერორიზმისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ აპელირება იმაზე თუ რომელ ტერორისტს რა სახელი და გვარი ან პასპორტი ქონდა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მან ოპოზიციონერ დეპუტატებს პარიზში, ლონდონში და ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები და იმ პერიოდში, მოსახლეობის სოლიდარობის გამოხატვის ფაქტებიც შეახსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი ოპოზიციის მხრიდან ვერ დაინახა.
„ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როდესაც თქვენ გაცხადებულ მიზნად გაქვთ დასავლური ტიპის სახელმწიფოს შენება, რომლის მაგალითებიც და საყრდენი ცენტრებიც არის ისეთი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც სამწუხაროდ ტერაქტებს ქონდათ ადგილი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის სოლიდარობა და კონსოლიდაცია ამ ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც სამწუხაროდ აქ ვერ ვხედავთ! მიმდინარე პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ძალიან კორექტულ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა მეორე ნაწილი, გამოირჩევა კრიტიკით და თავდასხმებით ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ, რაც მიუღებელია და ელემენტარული უმადურობაა იმ ადამიანების მისამართით”, – განაცახადა უმრავლესობის ლიდერმა.
 
არჩილ თალაკვაძემ განცხადება სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზეც გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ივანე მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია.
 
„სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკური მოტივი ივანე მერაბიშვილის დაკავებაში და მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მოტივი არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის იმიჯისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული არ დარჩეს დასჯელი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები