თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, მომავალი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნება

„ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტს ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სახალხო დამცველთან და მისი ანგარიშები და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტისთვის გახდება ერთ-ერთი მთავარი იარაღი თავისი საზედამხედველო ფუნქციის ეფექტურად განხორციელებისთვის და  ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის  გაზრდისთვის ქვეყანაში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის შედეგად შეირჩა და ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოება.

„ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურებით, როლით და ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარვმართეთ და დღევანდელ დღემდე კანდიდატი შევარჩიეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის შედეგად. კერძოდ, გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებმაც შემოგვთავაზეს მათთვის მისაღები ოთხი სხვადასხვა კანდიდატურა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხრიდან ამ კანდიდატურაზე ჩამოყალიბების პროცესში მთავარი პრინციპის აღება და ამ პრინციპად განსაზღვრა იმისა, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შემოთავაზებული პირებიდან უნდა მომხდარიყო ახალი სახალხო დამცველის არჩევა,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროცესი ცალსახად პოზიტიურად შეფასდა სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებისგან.

„პროცესი, რომელიც წარიმართა, ცალსახად იყო პოზიტიურად შეფასებული და ამ პროცესს მიესალმნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან როგორც პარლამენტისთვის, ასევე თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის და მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ განსაკუთრებით სახალხო დამცველის ინსტიტუტს, როგორც ტექნიკური მხარდაჭერის, ასევე სხვა ფორმებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და როლზე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება არ აჰყვა ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მისთვის კომფორტული პირის დასახელების ცდუნებას.

„სახალხო დამცველი, ამავე დროს, არის საქართველოს პარლამენტისთვის ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების ნაწილში ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, აუდიტის სამსახურთან ერთად. ეს ორი ინსტიტუტი არის ღერძი პარლამენტისთვის, რათა მუდმივად ვადევნოთ თვალი იმას, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რა ტენდენციებია, რა კონკრეტული ფაქტებია და ა.შ. სახალხო დამცველს როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ის არის მთავარი გამტარი, შემაკავშირებელი და დამაკავშირებელი ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ეს როლიც სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის  მისაღები, ბუნებრივია არის ხოლმე ცდუნება, რომ მოვძებნოთ კომფორტული ადამიანი.  პირი, რომელიც იქნება კომფორტული ხელისუფლებისთვის თუ გადაწყვეტილების მიმღები პირის თუ პირებისთვის, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ძალიან არასწორი, ვინაიდან იქნებოდა ნისანი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ მომწიფებული”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპოზიცია კარგავს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ძალიან კარგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში.

„კოლეგებისგან, ბოლო დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ ბევრი, სრულიად უსამართლო კრიტიკა პროცესის თვალსაზრისით. როცა საერთაშორისო საზოგადოება პროცესს მიესალმება და ამბობს, რომ ძალიან კარგი პროცესი წარიმართა, ამ დროს, ჩვენი კოლეგების სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა პროცესმა, ეს ჩემთვის ცოტა უცნაურია. თუმცა, მათი უფლებაა მოიქცნენ ისე, როგორც უნდა მოიქცნენ. მე მგონია, რომ ისინი კარგავენ შანსს, მონაწილეობა მიიღონ ძალიან კარგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში. მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები