ოთო კახიძე: მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ გაავრცელა.
ოთარ კახიძე ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, ეს იქნება დადასტურება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ვალდებული იქნება, ის გაათავისუფლოს.
ცნობისათვის, ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა, გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და 2016 წლის 13 სექტემბერს ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.