თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” ხვალაც გაგრძელდება

მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ტარდება. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ჩამოდის.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28 ნოემბერს 12:55 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში გაიმართება პანელი: „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში“ (მე-2 სესია: ელექტრონული ვაჭრობა), რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი ჟურნალისტი, BBC World News ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი, რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების (OTIF)  გენერალური მდივანი ფრანსუა დავენი, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის დირექტორი  ანა ინეხოსა, მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორი ბიშარ აბდირმან ჰუსეინი, Visa Digital Solutions-ის დირექტორი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ანდრეი შერბინა, მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორი ვეი ძან ფენი და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მოხსენებების შემდეგ პანელი დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ელექტრონული ვაჭრობის განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში; მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა ელ-ვაჭრობაში; ელექტრონული ვაჭრობა და ვაჭრობის ლოგისტიკა – ახალი იარაღი და შესაძლებლობა საერთაშორისო ტრანსპორტისა და ვაჭრობის ხელშეწყობისათვის; აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ელექტრონული ვაჭრობის ერთობლივი ხელშეწყობა – მხარეების მიერ ელექტრონული დოკუმენტაციის აღიარება; აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ელექტრონული ვაჭრობის მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები; როგორ შეიძლება ორმხრივი და რეგიონალური თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა შეიტანონ წვლილი ელექტრონული ვაჭრობის რეგიონალური და საერთაშორისო პლატფორმების განვითარებაში;  ელექტრონული გადახდის სისტემის განვითარება ელექტრონული  ვაჭრობის განვითარებისთვის – აბრეშუმის გზის ქვეყნების გამოწვევა.

პანელი-დისკუსია მიზნად ისახავს ახალი პარტნიორული კავშირების ინიცირებას, ქვეყნებს შორის ცნობიერების და ცოდნის ამაღლებასა და გამოცდილების გაცვლას, მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონული ვაჭრობის განვითარებისთვის ახალი მიდგომების შემუშავების მიზნით. პანელის მიმდინარეობისას მოხდება ელექტრონული ვაჭრობის განვითარების ძირითადი გამოწვევების და შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე იმ ერთობლივი ინიციატივების, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას. ამასთან, დარგის ძირითადი მოთამაშეები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული გამოცდილების გაზიარებასა და საკითხის განხილვაში, მოხდება რეგიონში ელექტრონული ვაჭრობის მომავალი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება.

21-ე საუკუნეში, მომხმარებელზე მორგებული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის სულ უფრო გლობალიზების ხანაში, ელექტრონული ვაჭრობა არნახული სიჩქარით ვითარდება: საერთაშორისო საცალო ბაზრები ამჟამად წელიწადში 1 ტრილიონი აშშ დოლარის ბრუნვას აჩვენებენ და სავარაუდოა, რომ ეს ციფრი გაორმაგდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

ონლაინ საერთაშორისო ტრანზაქციების მეშვეობით ბევრი კომპანია, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესი, გლობალური ღირებულების ჯაჭვებში ჩართულობას, ბაზარზე წარმოჩენის შესაძლებლობასა  და ექსპორტის განვითარებას ახერხებს. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის 2001 წლის ივნისის დეკლარაციით მონაწილე ქვეყნებმა აღიარეს ელექტრონული ვაჭრობის შესაძლო ზემოქმედების ეფექტები ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე და, ასევე, ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

გაუმჯობესებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) და სატრანსპორტო კავშირი, უკეთესი სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოები და ახალი ელექტრონული კომერცია და გადახდის გადაწყვეტილებები საშუალებას აძლევს უფრო მეტ ქვეყანას, გამოიყენოს ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობები.

დღევანდელი სამყარო გამოწვევების წინაშეა. საქონლისა და მომსახურების სფეროში ვაჭრობის თვალსაზრისით ელექტრონული ვაჭრობის შეზღუდვა შემდეგ რამდენიმე შეზღუდვასთანაა დაკავშირებული:

– ელექტრონული ვაჭრობისა და მისი გამოყენების შესახებ მარეგულირებლების მხრიდან არასაკმარისი ცოდნა;

– ხელმისაწვდომი ICT ინფრასტრუქტურა – (ინტერნეტ და ფართოციფრული უნივერსალური დაფარვა, სერვისის მიმწოდებლებისთვის დაწესებული შემცირებული ან აღმოფხვრილი ხელოვნური მარეგულირებელი ბარიერები, მონაცემთა ლოკალიზაციის ზომები, მათი ღირებულება და მენეჯმენტი);

–  სავაჭრო ლოგისტიკა და ხელშეწყობა, საბაჟო პროცედურების და ვაჭრობის შესაბამისობის ჩათვლით;

– მიწოდების სიჩქარე და ღირებულება, შეკვეთის შესრულება, დახარისხება, განაწილება და ამანათის დაბრუნება, მინიმალური სტანდარტიზებული საერთაშორისო რეჟიმი;

– ონლაინ ანგარიშსწორების არაადეკვატური საშუალებები – საბანკო და არასაბანკო მოთამაშეებს შორის საყოველთაო კავშირი და თავსებადობა, უსაფრთხო და დაცული ოპერაციები, ელექტრონული გადახდა საბაჟოზე;

– სუსტი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო უთანხმოების გადაჭრის მექანიზმების ჩათვლით – მომხმარებლის დაცვა, მონაცემთა დაცვა, კიბერ-დანაშაულის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ხელშეკრულების მექანიზმზე შეთანხმება, თანამშრომლობა მარეგულირებელ ორგანოებს შორის, დაბეგვრა და კონკურენცია;

– საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვაში ICT-ს სტრატეგიულად გამოყენების შესაძლებლობების არცოდნა – ელექტრონული ვაჭობის გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ციფრული  განათლება, ციფრული მარკეტინგი, საერთაშორისო სტანდარტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები