„აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მითხრა, რომ პატიმრობიდან მათი თხოვნით გამათავისუფლეს”
“აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მითხრა, რომ პატიმრობიდან მათი თხოვნით გამათავისუფლეს”,- ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა გიორგი გიუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დილით გამაღვიძეს და მითხრეს, რომ მათავისუფლებდნენ. ციხის ადმინისტრაციის შენობაში მიმიყვანეს. ლაკერბაიამ მითხრა, რომ მათი თხოვნით მოხდა ჩემი გათავისუფლება. მოლაპარაკებები იყო და არ ვიცი რა მოილაპარაკეს, დათანხმდა ოსური მხარე. ვინმეში თუ მოხდა ჩემი გაცვლა, არ ვიცი. ადმინისტრაციიდან გამომიყვანეს, ლაკერბაია ერგნეთის საგუშაგომდე მოვიდა, ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს ჩემი თავი ქართულ მხარეს”, – განაცხადა გიორგი გიუნაშვილმა.
გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს გადაეცა. გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის ივნისში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში განიხილებოდა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაერთ შეხვედრაზე ერგნეთში (IPRM).