ქეთევან ციხელაშვილი: ძალიან სასიხარულოა, რომ გიორგი გიუნაშვილი ოჯახს დაუბრუნდა
“ჩვენ სხვადასხვა ფორმატში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და ძალიან სასიხარულოა, რომ შედეგი სახეზეა და გიუნაშვილი ოჯახს დაუბრუნდა”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი გიორგი გიუნაშვილის მოსანახულებლად ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში ჩავიდა.
“ჩვენ სხვადასხვა ფორმატში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და ძალიან სასიხარულოა, რომ შედეგი სახეზეა და გიუნაშვილი ოჯახს დაუბრუნდა. ბოლო წლებში არაერთი პრეცედენტი შეიქმნა, პოზიტიური გამოცდილება როგორც ქართულ-ოსური, ისე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ამ მხრივ, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს როგორც ოსებთან ისე აფხაზებთან. 2013 წლიდან სისტემატურად ხდებოდა პატიმრების გათავისუფლება, რაც სამშვიდობო პროცესზე დადებითად აისახება. კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დადებითად აისახება ადამიანებზე. იმედი მაქვს, ამ პოზიტიური გამოცდილებით, კიდევ არაერთ პრობლემას მოვაგვარებთ”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის ივნისში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში განიხილებოდა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაერთ შეხვედრაზე ერგნეთში (IPRM).