18-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს
ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს გადაეცა.
„გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება. მას უკვე ესაუბრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც დღესვე გათავისუფლებულის მონახულებას გეგმავს.
გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის ივნისში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში განიხილებოდა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაერთ შეხვედრაზე ერგნეთში (IPRM).
„მოლაპარაკებების შედეგად, მოხერხდა დაკავებულის გადმოცემა. ბოლო წლების განმავლობაში, არსებობს ამგვარი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება, როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ-ოსური ურთიერთობების ფარგლებში. გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია სამშვიდობო პროცესში, რაც პოზიტიურად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე“, – აცხადებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.