მარიამ ჯაში: ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საზოგადოება გამოძიების პასუხს უნდა დაელოდოს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საზოგადოება გამოძიების პასუხს უნდა დაელოდოს. მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი ტრაგედია შეუფასებელი ტკივილია.
“ნებისმიერი ოჯახი დღეს არის შეძრული იმით, რაც მოხდა ბათუმში. ჩვენ ყველანი ვაკვირდებოდით მოვლენების მიმდინარეობას. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინვე გააკეთა განცხადება სწორედ უსაფრთხოების ზომების არაადეკვატურ შესაბამისობასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სწორედ სახანძრო კიბე არ იყო დამონტაჟებული, რამაც ბუნებრივია, რადიკალურად განსხვავებული სურათი მოგვცა, რისკების მართვის თვალსაზრისით. მისი განცხადებით, გამოძიება უმკაცრესი იქნება. დაველოდოთ გამოძიებას”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 8 დაშავებული.