ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ორი მეხანძრე-მაშველი საავადმყოფოდან გაწერეს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული სამი მეხანძრე-მაშველიდან ორი საავადმყოფოდან გაწერეს და თავს კარგად გრძნობენ, ხოლო ერთი კვლავ სტაციონარში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.
ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები