აჭარის შს სამმართველოს უფროსი: სასტუმრო „ლეოგრანდში“ უსაფრთხოების სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოძიება დაადგენს
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მაისურაძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას პასუხი გამოძიების შემდეგ გაეცემა და კანონის უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული. მისი თქმით, იმაზე, იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული და არსებობდა თუ არა შენობაში სახანძრო კიბე, დეტალური ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტის, გურიის სახანძრო-სამაშველო სამსახური, სამეგრელოსა და იმერეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურები, რომლებმაც მოახდინეს 100-დან 12 კაცამდე გადარჩენა და უსაფრთხოდ გამოყვანა აღნიშნული სასტუმროდან“, – განაცხადა ლევან მაისურაძემ.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრისას, საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.