სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად დაშავებულმა ცამეტმა მოქალაქემ საავადმყოფო უკვე დატოვა
ბათუმში, სასტუმრო სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად დაშავებულმა საქართველოს ხუთმა მოქალაქემ რეფერალური საავადმყოფო უკვე დატოვა.
როგორც „კვირას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა განუცხადა, ხუთივე პაციენტს ხანძრის შედეგად გამონაბოლქვით მიღებული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. მისივე თქმით, ხუთივე პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ისინი უკვე სახლში გაეწერნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – მძიმე არც ერთი არ არის. 6 პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო 2 პაციენტი – მედცენტრში.
დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველია, 4 თურქეთის და ერთი ისრაელის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.