შსს: ბათუმში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა
ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, -ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.
სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.
შემთხვევის ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად გაემგზავრა შს მინისტრიც.