არჩილ თალაკვაძე: პრიორიტეტულია სახალხო დამცველის კანდიდატურა სამოქალაქო საზოგადოებასთან იყოს შეთანხმებული

„პრიორიტეტულია, სახალხო დამცველის კანდიდატურა სამოქალაქო საზოგადოებასთან იყოს შეთანხმებული, რადგან ომბუდსმენს მათთან მჭიდრო თანამშრომლობა მოუწევს”, – ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე იმ კანდიდატებს განიხილავს, რომელიც არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა.
თუმცა, არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობის სხვა ფრაქციებს ან საინიციატივო ჯგუფებს ომბუდსმენის სხვა კანდიდატები ჰყავდეთ.
“ომბუდსმენი საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ჩვენ კანდიდატურის შერჩევას და მის დამტკიცებას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით. მივესალმებით, რომ სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის ამ საკითხზე დიალოგი შედგა. პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. მათ ნამდვილად ძლიერი კანდიდატები დაასახელეს. ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებს ან საინიციატივო ჯგუფებს ჰყავდეთ სხვა კანდიდატები. ხვალინდელ შეხვედრაზე ჩვენ შევძლებთ შევჯერდეთ ერთ კანდიდატურასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.
სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები