“იმედი მაქვს, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეჯერდება”

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას გაითვალისწინებს და სახალხო დამცველს მათ მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს.
“სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასახელებული კანდიდატები საკმაოდ ღირსეული კანდიდატები არიან. მათ თავიანთი საქმიანობის განმავლობაში, დამტკიცებული აქვთ ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება.
არასამთავრობო სექტორმა პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. იმედი მაქვს, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეჯერდება. მე გამოკვეთილი ფავორიტი კანდიდატი არ მყავს. მთავარია, რომ სამოქალაქო სექტორისთვის მისაღები პირებიდან მოხდეს ერთ-ერთის დასახელება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
ჩუგოშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს და გამორიცხული არ არის, დისკუსია სხვა მიმართულებით წარიმართოს.
არასამთავრობო სექტორი, პარლამენტს, ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე, უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები