ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის სხვა სტრუქტურასთან შეერთებამ, შესაძლოა, ვეტერანებს გარკვეული ბარიერები შეუქმნას

არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ, ვეტერანმა დოდო გუგეშაშვილმა, „ვეტერანთა კავშირისა“ და ფონდი – „მოლოდინის“ წარმომადგენლებმა, პორტალ “კვირას” პრესკლუბში, პრესკონფერენცია გამართეს. მათ მთავრობას ერთობლივად შემუშავებული ტექსტით მიმართეს, სადაც სტრუქტურულ ცვლილებებზეა საუბარი, რომელიც შესაძლოა, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურსაც შეეხოს.
როგორც დოდო გუგეშაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” დროს იზეიმეს ამ სტრუქტურის ჩამოყალიბება.
“საქართველოში სტრუქტურული ცვლილებების დროს, დაიწყო ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურის თავდაცვის სამინისტროსთან მიერთების განხილვაზე მსჯელობა. ახალი ხელისუფლების პირობებში, ვიზეიმეთ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება ამ სამსახურის სახით”, – აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.
მან ერთობლივად შემუშავებული მიმართვის ტექსტი საზოგადოებას გააცნო და საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შეუნარჩუნონ აღნიშნული სტატუსი. წარმომადგენლების მოთხოვნაა, აღნიშნული სამსახური იყოს დამოუკიდებელი და ისევ ქვეყნის პირველ პირს დაექვემდებაროს. როგორც გუგეშაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს სხვა მიზნები აქვს, ვეტერანთა სამსახურს, _ სხვა. ისინი იმედოვნებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გონივრული და გულისხმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
როგორც ფონდ „მოლოდინის“ წარმომადგენელმა, ბელა ზალდასტანიშვილმა განაცხადა, ვეტერანთა სამსახური ყველანაირად ხელს უწყობს ვეტერანებს. მანვე გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ დეპარტამენტი მათ განკარგულებაში დატოვოს.
“ვეთანხმები დოდოს, ვეტერანთა დეპარტამენტი ადრე არაფერში გვადგებოდა, დღეს უკვე ბატონმა ივანიშვილმა დაგვინიშნა 1000-1000 ლარი ხელფასი. ჩვენ თუ რამე დაგვჭირდება, ეს დეპარტამენტი გვეხმარება, თუნდაც წამლებით, საავადმყოფოთი და ა.შ. მივმართვ პირადად კვირიკაშვილს, რომ დეპარტამენტი მთავრობის განკარგულებაში დატოვოს”- აღნიშნა ბელა ზალდასტანიშვილმა.
„ვეტერანთა კავშირის” იურიდიული სამსახურის უფროსმა, რობინზონ პაპიძემ ვეტერანთა სამსახურის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა უწყებასთან მიერთებით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს გარკვეული ბარიერები შეექმნა.
“ვეტერანთა სამსახურმა დამოუკიდებელი სტატუსი ნაციონალების დროს დაკარგა, შევიდა ჯანდაცვის, შემდეგ თავდაცვის სამინისტროების დაქვემდებარებაში და ახლა ეს სამსახური გამოვიყვანეთ სამინისტროებიდან. ჩვენ უკვე ვიყავით სამინისტროს დაქვემდებარებაში, რითიც ვნახეთ, რომ სხვა უწყებაში მიერთებით, იქმნება ბარიერი, გართულებულია პროცედურები, კომპლექსური პრობლემების მოგვარება ვეტერანებისთვის ჭიანურდება. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ახორციელებს თავიანთი დამტკიცებული დებულების საფუძველზე, ისეთ სოციალურ გარანტიებს, რომელიც არ არის კანონით გაწერილი და სწორედ ეს დებულების აღსრულების პროცედურები გართულდება”,- განაცხადა რობინზონ პაპიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დოდო გუგეშაშვილის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და ჩატარდება პრესკონფერენციაც, სადაც თავიანთ თხოვნას კიდევ ერთხელ გადასცემენ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობას, რომ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შეუნარჩუნდეს დამოუკიდებლობის სტატუსი.
გუგეშაშვილი გუშინდელ სპეცოპერაციასაც გამოეხმაურა და დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, ხოლო დაჭრილ სამართალდამცველებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები