ლევან დავითაშვილი ური არიელს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეუნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს, ური არიელს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის გამოწვევებსა და კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, გაცვლითი სასწავლო პროგრამების განხორციელების და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.

„ჩვენ გვინდა ისრაელსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებით თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში განვახორციელოთ. ისრაელის სოფლის მეურნეობის კვლევით ორგანიზაციის, Volcani ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ. ეს იქნება ერთობლივი კვლევები და სასწავლო პროექტები ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებებით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის განვითარების კუთხით, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების მოწოდებით ისრაელის სხვადასხვა მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროგრამის „მაშავი“ ხელმძღვანელის მოადგილესთან,იუვალ ფუქსთან გამართეს.

შეხვედრაზე იუვალ ფუქსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „მაშავს“ გამორჩეულად წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და სწორედ ამიტომ, სამომავლო პროექტების განხორციელება „მაშავს“ უშუალოდ სამინისტროსთან ერთად აქვს გათვალისწინებული.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და სასწავლო პროგრამები ფერმერებისთვის.

„სულ რამოდენიმე თვის წინ ისრაელის სახელმწიფოში შედგა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტის დროს ორი ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლებმა განიხილეს თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში მოხვდა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ისრაელში ნაყოფიერად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და წარმომადგენლობითი დელეგეციის ვიზიტი. ვფიქრობ, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სოფლის მეურნეობის დარგში ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითრებაში“, – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძემ.

ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის და  სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები