არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს: სამძიმარიც, რომელიც მოვისმინე, იყო შაბლონური და არაგულწრფელი

დღის ბოლოს, რომ რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი პასუხებს ითხოვს ხელისუფლებისგან, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ელემენტარული ღირსებაც კი არ დარჩათ, რომ მთავარზე ილაპარაკონ,-ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
თალაკვაძის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის მისამართით გამოთქმული სამძიმარი შაბლონური და არაგულწრფელი იყო.
„რაც დღეს ვნახეთ, ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული, ისეთი როგორიც სამოქალაქო ცხოვრებაში, შესაძლოა ევროპაშიც, მათ შორის საქართველოშიც ყოველდღიურად ხდებოდეს. ის რაც დღეს მოხდა, არ იყო არც ძარცვა, არც ქუჩაში მომხდარი რაიმე დანაშაული. დღეს ჩვენ ვნახეთ შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საათების განმავლობაში ცეცხლს უხსნიდა სამართალდამცავ ორგანოებს, სპეცრაზმს, რომელმაც რეალურად საფრთხის ქვეშ დააყენა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება, რომლებმაც რეალურად სადღაც დასახლებაში მოახერხა ბინა დაექირავებინა, იქ იარაღი შეენახა. რისთვის, როგორ და რაში სჭირდებოდათ მათ ეს ყველაფერი, ეს გამოძიების საქმეა.
თვითონ ფაქტი, დღის ბოლოს, რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი, რომ ამაზე პასუხებს ითხოვს ხელისუფლებისგან, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ელემენტარული ღირსებაც კი არ დარჩათ, რომ მთავარზე ილაპარაკონ. ის სამძიმარი, რომელიც მე მოვისმინე იყო შაბლონური და არაგულწრფელი. ცარიელი ადგილი უწოდეთ დაღუპული გმირის თავდადებას, როგორ არ გრცხვენიათ, რომ ასეთ განცხადებას აკეთებთ პირდაპირ ეთერში,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ოპონენტების მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები