“კრისტის“ აუქციონზე როკფელერების კოლექციიდან პიკასოს, მონეს და მატისის უნიკალური ნამუშევრები გაიყიდება

პაბლო პიკასოს, ანრი მატისის და კლოდ მონეს ტილოებს როკფელერების კოლექციიდან, 2018 წლის გაზაფხულზე „კრისტის“ აუქციონზე გამოიტანენ. გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადანაწილდება.
სააუქციონე სახლ „კრისტის“ წარმომადგენლების განცხადებით, აუქციონის კონკრეტული ტოპ-ლოტები პირველად ჰონკონგში 2017 წლის 24 ნოემბრიდან იქნება გამოფენილი, რითიც წინასააუქციონე ტურნე გაიხსნება. მსოფლიო წინასააუქციონე ტურნეს ფარგლებში, გამოფენები გაიმართება ჰონკონგში 24-27 ნოემბერს და შემდეგ 2018 წლის გაზაფხულზე ლონდონში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.
ნამუშევრები გასაყიდად გამოიფინება ნიუ-იორკის როკფელერ ცენტრის შენობაში 2018 წელს. აღნიშნული აუქციონი ისტორიაში უდიდესი მოვლენა გახდება და შემოსული თანხა 10 საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა.
ტოპ-ლოტებს შორისაა პაბლო პიკასოს „ახალგაზრდა გოგონა ყვავილების კალათით“, რომელიც მხატვრის „ვარდისფერ პერიოდს“ ეკუთვნის. ის გერტრუდა სტაინის კოლექციიდან იღებს სათავეს და დაახლოებით 70 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ანრი მატისის 1932 წლის ნამუშევარმა „მწოლიარე ოდალისკა მაგნოლიებით“ შესაძლოა მატისის ტილოებს შორის რეკორდიც დაამყაროს. ლოტის საწყისი ფასი 50 მილიონი დოლარია. დაახლოებით 35 მილიონ დოლარად ფასდება კლოდ მონეს „წყლის ლილიები“, რომლის შექმნაც ოსტატს მისმა საყვარელმა ბაღმა შთააგონა.
პეტი და დევიდ როკფელერების კოლექცია მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში ყალიბდებოდა, ასევე მასში შედიოდა მემკვიდრეობით მიღებულმა შედევრებმა. კოლექციაში იმპრესიონიზმის, მოდერნიზმის, ომის შემდგომი პერიოდის და თანამედროვე ხელოვნების უნიკალური ნიმუშებია, ასევე ევროპული და ბრიტანული ავეჯი, ევროპული კერამიკა, ჩინური საექსპორტო ფაიფური, ვერცხლის ნაწარმი და ბევრი სხვა რამ. როკფელერების სურვილის მიხედვით, გაყიდვებიდან შემოსული თანხები ნაწილდება იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რომლებიც კულტურის, განათლების, სამედიცინო მომსახურების და გარემოსდაცვით სფეროებში მუშაობენ.
ამ დროისთვის აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კოლექცია ივ სენ-ლორანს და პიერ ბერჟეს ეკუთვნის, რომელიც პარიზის „კრისტის“ აუქციონზე 2009 წელს გაიყიდა და 400 მილიონზე მეტი დოლარი შეკრიბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები