ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თანათავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა.

მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, სოხუმში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნას და 2018 წლის პირველი იანვრიდან ახალგორში ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს წინა რაუნდის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებები და გატაცებები, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიურ შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.

კვლავ გაესვა ხაზი გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხის მნიშვნელობას.

ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები