საქართველოს პრემიერ-მინისტრი სერბეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოში 2018 წელს სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სერბეთის ვიცე-პრემიერის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის, რასიმ ლიაიჩის დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს დღეს ხელმოწერილი შეთანხმებები ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის დელეგაციის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა სერბეთის დელეგაციას საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო. სერბეთის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია.

ყურადღება დაეთმო ასევე კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.

შეხვედრას სერბეთის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ბრანკო რუჟიჩი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები