ახუნდოვის კულტურის ცენტრში საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების ფონდი დაფუძნდა (ფოტოკოლაჟი)

0

მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში, საქართველო-აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-კულტურული ურთიერთობების განვითარების ფონდი დაფუძნდა. როგორც „კვირასთან“ საუბარში ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სიმონ კოპაძემ განაცხადა, ფონდის შექმნის იდეა საქართველოსა და აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს უკავშირდება. ფონდის მიზანი საქართველო-აზერიბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა.

სიმონ კოპაძის თქმით, იგეგმება ახალგაზრდული კონფერენციების ჩატარება, მედიაჰაბის შექმნა და სხვა არაერთი ღონისძიება. ფონდის დამფუძნებლები არიან, როგორც ქართველები, ისე აზერბაიჯანელები.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ასვლას ითხოვს. მომავალ წელს სრულდება საქართველოსა და აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე. 1918-1921 წლებში უშუალოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპიზოდები არსებობდა, ვთვლით, რომ ამ ურთიერთობებზე ჩასატარებელია კვლევები, გამოსაცემია წიგნები და ა.შ. გვინდა დოკუმენტური ფილმის გადაღებაც. გამოვაცხადებთ კონკურსებს. დიდი სურვილია, რომ ურთიერთობა გააქტიურდეს არა მხოლოდ ბაქოსა და თბილისს, არამედ სხვა ქალაქებს შორისაც. ჩატარდეს გამოფენები, მოეწყოს სტუდენტური კონფერენციები. თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები ითარგმნოს აზერბაიჯანულ ენაზე და პირიქით. იგეგმება მედიაჰაბის შექმნაც. ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს“, -აღნიშნა სიმონ კოპაძემ.

კომენტარები

კომენტარი