სოფიო ქაცარავა: პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტარებს ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განისაზღვრება კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ინიციატივები, რომლებიც მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ აღიარა ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც დაფუძნებულია ევროპულ ფასეულობებზე. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასეთი მტკიცე და აქტიური თანამშრომლობა ჯერ არ ყოფილა. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი წვლილი შეიტანა რეზოლუციის ტექსტის შედგენაში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ პერსპექტივას ასახავს და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, სამიტის დროს დასახონ გრძელვადიანი მიზნები საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს ევროკავშირის მეტ ჩართულობას კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში, მეტ ფინანსურ დახმარებას, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობას და საქართველოს მოქალაქეთათვის ევროპის ქვეყნებში სწავლის გამარტივებას. ჩვენი გუნდის  მიზანია ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გვთავაზობს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ხელშესახებ სარგებლად ვაქციოთ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ამ კუთხით ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს და გვაქვს მოლოდინი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განისაზღვრება კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ინიციატივები, რომლებიც მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები