მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარი კომიტეტის მუშაობის როგორც საკანონმდებლო საქმიანობის კომიტეტის ჩართულობის საკითხს, ასევე სხვადასხვა  სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციას შეეხო.

„ჩემი ანგარიში ძირითადად ეხებოდა კომიტეტის განვლილ ერთი წლის საქმიანობას, ჩვენმა კომიტეტმა დაიწყო მუშაობა კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის სტრატეგიაზე, რომელზეც საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიდის. უღრმეს მადლობას ვუხდი გაეროს განვითარების პროგრამასა და ევროკავშირს, რომლებმაც შეძლეს და დაგვიქირავეს ექსპერტი, რომელიც სტრატეგიაზე მუშაობას ჩვენთან ერთად უძღვება. აქვე, მინდა გამოვეხმაურო სამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებს. ეს სტრუქტურული ცვლილებები განპირობებულია ჩვენი გუნდის მიერ ჯერ კიდევ დაანონსებული დაპირების შესაბამისად, რათა შემცირებულიყო ბიუროკრატიული ხარჯები და  უზრუნველყოფილიყო დარგის ოპტიმალური და შედეგიანი მართვა. თუმცა, ცვლილებების მიუხედავად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში არსებული გამოწვევები და საჭიროებები უცვლელი რჩება“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანგარიშში საუბარი ამომწურავად შეეხო ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს როგორებიცაა: კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები; კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობა;  სპორტულ ფედერაციებთან, კლუბებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;  ქვეყანაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში არსებული მდგომარეობა და კომიტეტის სხვა საქმიანობა.

ანგარიშის წარდგენის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს ინიციატივით მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა, ჯანსაღი ცხოვრებისა და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და დანერგვაში.

„ჩემი ინიციატივა იქნება, ჩემო კოლეგებო, რომ მხარი დამიჭიროთ, ეროვნული სტრატეგიის დონეზე დავსვათ საკითხი, რომ ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შემდგომ სამთავრობო პროგრამაში უმთავრესი პრიორიტეტი იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვა ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ანგარიშის დასრულების შემდეგ  კომიტეტის ანგარიშმა დეპუტატების მხრიდან დიდი  დაინტერესება გამოიწვია, რომელიც მათ მიერ დასმული კითხვების რაოდენობიდანაც მკაფიოდ ჩანდა. დეპუტატებმა კომიტეტის ანგარიში დადებითად შეაფასეს და კომიტეტის თავმჯდომარეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად მხარდაჭერა აღუთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები