რას დაპირდა ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს
მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და ანატოლი ბიბილოვს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის ფედერაცია კვლავ გაუწევს ეკონომიკურ დახმარებას „სამხრეთ ოსეთს“.
დე ფაქტო რესპუბლიკის “პრეზიდენტმა” კი აღნიშნა, რომ ცხინვალი და მოსკოვი ამზადებენ შეთანმებას, რომელიც მისი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებს.
„დღეს ჩვენი სახელმწიფოების სამინისტროებში და უწყებებში კიდევ რამდენიმე სერიოზული შეთანხმება მზადდება, რომლებიც ასევე იქნება ხელმოწერილი. ეს ეხება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამარტივებულ მიღებასაც და ჩვენი მოქალაქეების ყოფნას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით. ეს და კიდევ ბევრი სხვა შეთანხმება მიმართულია სამხრეთ ოსეთის სოციალურ–ეკონომიკური შემადგენელის განვითარებაზე“, – განაცხადა ბიბილოვმა.
ამას გარდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დამტკიცებული იქნება ახალი საინვესტიციო პროგრამა 2018–19 წლებისთვის, მომზადებულია 1 მილიონი რუბლის ღირებულების შეღავათიანი დაკრედიტების სპეცპაკეტიც. „ეს სახსრები მიმართულია რამდენიმე ათეულ პროექტზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რესპუბლიკისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც ირკვევა, საუბარია სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტქუტურის რეკონსტრუქციასა და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეების სოციალური დაცვის ამაღლებაზე.
ამას გარდა, რუსეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების დაზღვევის შესახებ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.