საიამ უბნებზე – 9, ოლქში კი 10 საჩივარი და 21 შენიშვნა დაწერა

საიას მიერ ამ პერიოდისთვის უბანზე – 9, ოლქში – 10 საჩივარი და 21 შენიშვნა დაიწერა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.

18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია შემდეგი დარღვევები.

“საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება: ბორჯომის #23 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, გადაღლის გამო გამორჩა ხელმოწერები ამომრჩეველთა სიაში. (ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა დილით ბორჯომის #15 და #19 უბნებზე); ოზურგეთის #42-ე უბანზე დღის სამ საათზე ხელმოწერების და ბიულეტენების რაოდენობის გადამოწმებისას, აღმოჩნდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში; ოზურგეთის #42 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ ახორციელებდა ამომრჩევლის პირადობის მოწმობის შემოწმებას. ამავე უბანზე რეგისტრატორმა ერთ-ერთ ამომრჩეველს აღმოუჩინა ვადაგასული პირადობის მოწმობა. შესაბამისად, ამომრჩეველს არ მიუცია არჩევნებში მონაწილეობა; ოზურგეთის #28 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი აპირებდა იმ ამომრჩევლისთვის ბიულეტენის გადაცემას, რომლის პირადობის მოწმობაც იყო ვადაგასული. საიას დამკვირვებლის მხრიდან შენიშვნის დაფიქსირების გამო, ამ ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო; ოზურგეთის #4 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილმა ამომრჩეველმა, რომელიც უბანზე გამოცხადდა და გადასატანი ყუთით ხმა მიცემული არ ჰქონდა.

ამომრჩევლის ნების კონტროლი: ბორჯომის #3 უბანზე სამარშუტო ტაქსით ხდებოდა ამომრჩევლის მიყვანა უბანზე, ასევე უბნის გარეთ იმყოფებოდნენ დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ; ოზურგეთის #17 და #20 უბნების გარეთ იმყოფებოდნენ დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ“, -აცხადებენ საიაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 12 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომში და ყაზბეგში აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები