12:00 საათის მონაცემებით, საიას დამკვირვებლებმა 2 საჩივარი და 11 შენიშვნა დაწერეს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დღის 12 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საიას განცხადებით, იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც გახსნის პროცედურებს საია აკვირდებოდა, პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად დროულად იყო. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.

ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა:
საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება
– ბორჯომის N15 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, როგორც მას, ასევე ორივე ამომრჩეველს, გამორჩა ხელმოწერის გაკეთება ამომრჩევლის სიაში;
– ოზურგეთის N22 უბანზე კომისიის ორი წევრი დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც მათ ვერ მიიღეს წილისყრაში მონაწილეობა.

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

– ბორჯომის N25 უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლი კომიიის წევრებმა უბნიდან გაიტანეს 16 საარჩევნო ბიულეტენი და 14 კონვერტი. საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მანქანაში მგზავრობის დროს 3 ცალი კონვერტი მათ გადასატან ყუთში ჩაუვარდათ. (საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა ამ უბანზე და გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა);
– ბორჯომის N12 უბანზე გადასატანი ყუთი დილის 10:00 საათზე დაბრუნდა დალუქულ მდგომარეობაში. მოგვიანებით პრეტენზია დააფიქსირა ერთ-ერთი ამომრჩევლის ოჯახის წევრმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მშობელმა გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა ვერ მისცა, რის შემდმგომაც კომისიამ გადაწყვიტა დალუქული საარჩევნო ყუთის ხელმეორედ გატანა საარჩევნო უბნიდან. საიას დამკვირვებლის მხრიდან შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, გადასატანი საარჩევნო ყუთი მეორედ აღარ გაუტანიათ საარჩევნო უბნიდან;
– ოზურგეთის #42-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიუთითეს პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;
– ხაშურის #1 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა გადასატან ყუთში (და არა ძირითად ყუთში) ჩააგდო კონვერტი;
– ხაშურის # 29 უბანზე 50-ის ნაცვლად 49 ბიულეტენი აღმოჩნდა ბიულეტენის შეკვრაში.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ოზურგეთის N37 უბანზე ამომრჩეველმა საკუთარი ნებით ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი ქართული ოცნების წარმომადგენელს აჩვენა.

ამომრჩევლის ნების კონტროლი

– ბორჯომის N10 უბნის გარეთ იმყოფება სადამკვირვებლო ორგანიზაცია ა(ა)იპ „21-ე საუკუნის“ დამკვირვებელი, რომელსაც ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, ხელთ აქვს წიგნად აკინძული ამომრჩეველთა სიის ფოტოსურათიანი ვერსია, რომელზეც ამომრჩევლის პირადობის მოწმობის ნომერი დატანილი არ არის.
ცესკოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ა(ა)იპ „21-ე საუკუნე“ რეგისტრირებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციად და ყავს 3138 დამკვირვებელი.
– ბორჯომის N13 და N19 უბნების გარეთ, სიებით იმყოფებიან დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ;
– ოზურგეთის N12 და N44-ე უბნებზე სამარშუტო ტაქსებით მოჰყავთ ამომრჩეველი.

წილისყრის პროცესის დარღვევები

ყაზბეგის N8 უბანზე კომისიის წევრებმა წილისყრის შედეგად გამოვლენილი კომისიის წევრის ფუნქციები თვითნებურად გადაცვალეს.

“ამ დროისთვის ზემოაღწერილ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 2 საჩივარი და 11 შენიშვნა“,- აცხადებენ  საიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები