ქუთაისში, ბორჯომში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს, თვითმმართველი ქალაქის, ქუთაისის და თვითმმართველი თემების – ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტური იმართება

მეორე ტურში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, მათგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.

ცესკოს ცნობით, არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, ერთი ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.

„არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი. ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილი იქნება სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

12 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ისე სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს.

„აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა, საერთაშორისო რეგისტრირებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და აკრედიტებულმა მედია საშუალებებმა მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე დამატებითი დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების სიები წარმოადგინეს. 12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელია. რაც შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს: დაკვირვების უფლების მქონე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელია რეგისტრირებული, ასევე, მედია ორგანიზაციის 4 688 წარმომადგენელი“,-აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, დღეს, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე http://www.results.cec.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები