დღეს ტელევიზიასა და რადიოში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება აკრძალულია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, აკრედიტაციის ვადა გაუგრძელა როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ისე სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს,
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, ასევე, არჩევნებს დააკვირდება მედიაორგანიზაციების 4 688 წარმომადგენელი.

07:00-დან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, მუშაობს ონლაინ ჩატი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია, ასევე, დღეს 12 ნოემბერს, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.

იკრძალება ასევე კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მერის პოზიციაზე კენჭისყრა ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში – ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები