ცესკო: 12 ნოემბერს ტელევიზიასა და რადიოში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება აკრძალულია

“12 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აკრედიტაციის ვადა გაუგრძელა როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ისე სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს”, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ანა მიქელაძის განმარტებით, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, ასევე, არჩევნებს დააკვირდება მედიაორგანიზაციების 4 688 წარმომადგენელი.
„12 ნოემბერს, დილის 07:00-დან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51, ასევე, იმუშავებს ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია, ასევე, 12 ნოემბერს, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ანა მიქელაძის თქმით, ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები