საქართველოს არასამთავრობო სექტორი უკრაინაში ძალადობას გმობს

   საქართველოს არასამთავრობო სექტორი უკრაინის მოვლენებს ეხმაურება და კიევში მომხდარი ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციაბი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ღრმად ვართ შეშფოთებული იმ ძალადობის გამო, რაც თავისუფალი და ძლიერი სულისკვეთების მქონე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს, თავისუფლებას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს. უკრაინა და საქართველო ისტორიულად ევროპული ქვეყნები არიან, რომლებიც იზიარებენ ტრაგიკულ და ბრუტალ საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას. საერთო წარსული მოგვიწოდებს, ჩვენ გავაერთიანოთ ძალები ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავლის დასაცავად. მოსკოვის პოზიცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციასთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ამბიციას, რომ შექმნას ახალი გამყოფი ხაზი ევროპაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს, შევუერთდეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს იმის განცხადებაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება შემოაბრუნოს ჩვენი ქვეყნების ევროპული გზა. სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად, ამ რთულ დროს, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ, ჩვენი პროფესიული და ინტელექტუალური დახმარება უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შემდეგი გზებით: ჩვენი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება სხვადასხვა სფეროში; საერთაშორისო კომუნიკაციაში ხელშეწყობა; იურიდიული ექსპერტიზის უზრუნველყოფა შესაბამის საკითხებზე; უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ყოველდღიური გამოწვევების გადასაწყვეტად; არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ცივილიზებულად და მშვიდობიანად გამოსვლის გზების ძიებაში რჩევების მიცემა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სოლიდარობა ამ ეტაპზე ევროპული ღირებულებების, თავისუფლების ღრმა რწმენის, მშვიდობის და დემოკრატიის გამარჯვების საწინდარია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები