დავით ნარმანია: მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის მერის დავით ნარმანიას 2014-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ პრეზენტაცია დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაიწყო და  აღნიშნა, რომ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები    7, 295 814,93  მ2 ფართობს ჩაუტარდა, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, ხოლო კაპიტალური რეაბილიტაცია 755 ქუჩას ჩაუტარდა.

თბილისის მერმა დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან განსაკუთრებული ყურადღება სამება-მახათას და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზების მშენებლობაზე გაამახვილა, რამაც მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ დასახლებები ერთმანეთს დაუკავშირა, მიმდებარე ქუჩები საგრძნობლად განტვირთა.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას  თქმით, სრული სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩაუტარდა კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთს და ბაგები-წყნეთის 12 კმ.-იან გზას.  აღნიშნულ გზებზე მოეწყო არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ სანიაღვრე სისტემაც.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა,  ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვის შემოვლით გზასა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც შეიცვალა გზის საფუძველი, დაიგო ახალი, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და გარე განათების ქსელი.

დავით ნარმანიამ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი  მოძრაობის აღდგენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ ესტაკადას ქალაქის ცენტრალური ნაწილის საცობებისგან განტვირთვაში დიდი როლი აქვს.

ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა პეკინის ქუჩის  კაპიტალური რეაბილიტაციაა, რომლის ფარგლებშიც, სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და  ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი. მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ავტობუსების ზოლი, პარკინგი და ველობილიკი. განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები. ქუჩა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. დავით ნარმანიას თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა პეკინზე ბოლო 60 წლის განმავლობაში არ შეკეთებულა.

დედაქალაქის მერმა საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქციაზეც ისაუბრა.  მისი თქმით, ათწლეულების შემდეგ პირველად, გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრებაზეც იზრუნა და საანგარიშო პერიოდში სამუშაოები 472 ობიექტზე ჩატარდა.

გარდა აღნიშნული მასშტაბური პროექტებისა, დედაქალაქის მერის თქმით, კაიროს დასახლებასა და შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო ქსელების მოწყობა მიმდინარეობს. საკანალიზაციო ქსელები  მოეწყო ოლიმპიურ სოფელსა და  ივერთუბანშიც.  თბილისის მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის იყო:  მდ. ვერეს კალაპოტის ფორმირება, სოფელ თხინვალასა და აგარაკებში  წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, ლილოს რკინიგზის ხიდიდან ლოჭინის ხევამდე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელი გზის  დაზიანებულ მონაკვეთებზე  გაზგამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) საყრდენი კედლის აღდგენა.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები