საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შონ ო’ფარელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით დუბლინს ეწვია, სადაც ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა დადებითად შეაფასეს და საპარლამენტო განზომილების შემდგომი ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილე მიესალმა ირლანდიის პარლამენტისა და სენატის წარმომადგენლების ახლახან შემდგარ ვიზიტს საქართველოში, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ხაზი გაუსვა აქტიური ინტერაქციის მომავალში გაგრძელების მნიშვნელობას. ქართული მხარე ასევე, მიესალმა ირლანდიის პარლამენტში საქართველო-ირლანდიის მეგობრობის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და აღნიშნეს ორმხრივი ბიზნესდელეგაციების განხორციელების აუცილებლობა.

ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის მიერ 2017 წლის თებერვალში მიღებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროკავშირში ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას. ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ირლანდიას ევროკავშირის წევრობამ განსაკუთრებული სარგებელი მოუტანა.  მინისტრის მოადგილემ ირლანდიის მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მან მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა მისიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ​ ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე დაგეგმილ ღონისძიებაში “საქართველოს ევროპული გზა” და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები