ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას პროტესტი მოჰყვა

ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვა მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა გააპროტესტეს, რასაც მცირე ინციდენტიც მოჰყვა.
სამგლოვიარო ცერემონიის მიმდინარეობისას, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
აღნიშნულის გამო, პანაშვიდზე მყოფმა პირებმა აღშფოთება გამოთქვეს და მათ პლაკატები წაართვეს.
“ჩვენი პოზიცია გამოხატული იყო მხოლოდ და მხოლოდ პლაკატებზე, რომელზეც გვეწერა: “ნუ გადააქცევთ მთაწმინდას ნომენკლატურული მწერლების საძვალედ”, “გადაასვენეთ მთაწმინდიდან კეკე, გრიბოედოვი და ჭაბუაც”. ვაპირებდით აქციის მდუმარედ ჩატარებას”, – განაცხადა ლეილა ცომაიამ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და უზენაეს სასამართლოში ე.წ. ზვიადისტების საქმის ყოფილმა ადვოკატმა სევდია უგრეხელიძემ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვას აპროტესტებდა.
„ზვიადი და ჩარკვიანი მთწმინდაზე ერთად?!”,- დაწერა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები