საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის სენატის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.
ძირითად განსახილველ თემებს შორის პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება იყო.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტებს შორის ურთიერთობების დინამიურ განვითარებას და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერებას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საპარლამენტო მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით, ხაზგასასმელია საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის მუშაობა, რომელსაც მალგოჟატა გოშევსკა ხელმძღვანელობს და ერთ-ერთი უდიდესია პოლონეთის პარლამენტში.
შეხვედრისას ხაზი გაესვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს სამიტების მოსამზადებელ სამუშაოებზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები