ცხინვალში, “ქართული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი” მაღალჩინოსანი დააკავეს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მასობრივი კომუნიკაციების ექს მინისტრი გიორგი კაბისოვი დააკავეს. ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტია“-ს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურაში განუცხადეს.
დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მიერ კაბისოვის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ ფაქტზე.
ამავე მედიასაშუალების ცნობით, გიორგი კაბისოვი არის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაზვერვის მოქმედი მაღალჩინოსანი და ასევე დე ფაქტო რესპუბლიკის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე.
კაბისოვთან ერთად დაკავებულია ცხინვალის მკვიდრი მირიან ჯიოევი, რომლებიც ეჭვმიტანილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. როგორც ირკვევა, საქმის ორივე ფიგურანტის დაკავება ჯერჯერობით 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება. კაბისოვთან დაახლოებულმა პირებმა „სპუტნიკს“ განუცხადეს, რომ მის კერძო სახლში, რომელიც ცხინვალში მდებარეობს, ჩატარდა ჩხრეკა.
გიორგი კაბისოვი „კაგებე“-ს ყოფილი თანამშრომელია, სხვადასხვა დროს იკავებდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაცვის უფროსის მოადგილის და ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის უფროსის პოსტებს. „სპუტნიკ ოსეტიას“ ცნობით, ის აქტიურად მონაწილეობდა „ქართული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“.