„კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს” – ავთანდილ წაქაძეს 70 წელი შეუსრულდებოდა
„კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს”,- ეს სიტყვები თამამად შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელმაც შესანიშნავი მემკვიდრეობა დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით.
7 ნოემბერს ავთანდილ წაქაძეს 70 წელი შეუსრულდებოდა. იგი ერთდროულად რამდენიმე დარგში მოღვაწეობდა და ყველგან წარმატებით. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკას, მისი ავტორობით გამოცემულია მოთხრობების არაერთი კრებული.
ავთანდილ წაქაძის დაბადებიდან 70-ე წლისთავი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.
სახლის კედელზე, სადაც გამოჩენილი ქართველი მოღვაწე ცხოვრობდა, მემორიალური დაფა საზეიმო ვითარებაში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ავთანდილ წაქაძის მეუღლესთან ერთად გახსნა.
ავთანდილ წაქაძის ოჯახის ახლობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს, ხოლო წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ ბოლნელ მთავარეპისკოპოსთან ერთად სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
ავთანდილ წაქაძის 70 წლისთავთან დაკავშირებული გახსენების დღე კულტურული ღონისძიებით დასრულდა, რომელიც ქალაქ ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, სიტყვით გამომსვლელებმა საზოგადოებას პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტის, დამსახურებული ჟურნალისტის, მსახიობისა და ხელოვანის განვლილი გზა კიდევ ერთხელ შეახსენეს.
საღამოს კულმინაცია კი ავთანდილ წაქაძისთვის საპატიო ბოლნისელის ტიტულის მინიჭება გახლდათ, საპატიო დიპლომი მის მეუღლეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა გადასცა. დაწესებული ფულადი ჯილდო 500 ლარი კი ეთერ წაქაძემ ქველმოქმედებისთვის გაიღო და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ შშმ პირს გადასცა.
R