გუგული მაღრაძე: რამდენიმე პარტიაა აკიდებული ერთმანეთს, რათა დაფინანსება მიიღონ
მე ისეთი ტიპის ქვეყნები უფრო მომწონს, სადაც პარტიებს მუდმივი დაფინანსება არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუგული მაღრაძე თვლის, რომ პარტიების დაფინანსება, მოპოვებული მხარდაჭერის მიხედვით უნდა ხდებოდეს.
„მე ისეთი ტიპის ქვეყნები უფრო მომწონს, სადაც პარტიებს მუდმივი დაფინანსება არ აქვთ და წინასაარჩევნოდ იწყება სახსრების მობილიზაცია ამ დროს შეიძლება ფონდიდან გამოეყოთ მათ გადაადგილების, რეკლამისთვის და სხვა ხარჯებისთვის თანხები. ვთვლი, რომ საზოგადოების მხარდაჭერის მიხედვით უნდა იყოს დაფინანსება თუ კი არის პარტია, რომელსაც მილიონი ადამიანი უჭერს მხარს, მისი დაფინანსება იქნება უფრო მეტი, იმიტომ, რომ ბიუჯეტში შეტანილი ფული არის ხალხის მიერ შეტანილი თანხა და ხალხი ვისაც უჭერს მხარს, იმ პარტიას უნდა მოხმარდეს ბიუჯეტიდან გადასული ფული.
ბლოკების ამბავი იმიტომაა გამოგონილი, რომ ისინი უხანგრძლივებენ ისეთ პარტიებს არსებობას, რომლებიც რეალური მხარდაჭერით არ სარგებლობენ. რამდენიმე პარტია აკიდებულია ერთმანეთს იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღოს, გადალახოს ბარიერი და შემდეგ კიდევ გააგრძელოს არსებობა. ერთი მხრივ, ადამიანებს პარტიაში სურთ გაწევრიანება და ა.შ, თუმცა მეორე მხრივ, თუკი ბიუჯეტი იხდის ამისთვის ფულს, ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს ფული იმაში, რაშიც სჭირდება ქვეყანას და თუკი პარტია რამდენიმე არჩევნებში ბარიერს ვერ გადალახავს, არ ჰყავს 5%-იანი მხარდამჭერი მე ვთვლი, რომ ასეთი პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან ეს ნიშნავს, ადამიანებს მათი სურვილის გარეშე გამოართვა ფული და ვიღაცას გაუხანგრძლივონ არსებობა “, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.