გუგული მაღრაძე: დღეს ოპოზიცია გამოდის არა ქვეყნის, არამედ თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან

ის ოთხი შესწორება რაც კონსტიტუციაში შევა ძალიან პროგრესულია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ძალიან ყურადღებით მიჰყვება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს.
„ვფიქრობ, რომ ის პროცესი რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით დაიწყო ძალიან პოზიტიურია ამ პროცესით მმართველი პარტია აცხადებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს. ჩვენ მივყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც ქართული რეალობა გვაძლევს. ცხადია, მაჟორიტარებთან დაკავშირებით არის შენიშვნა ვენეციის კომისიიდან, მაგრამ ჩვენ შიდა ვითარებასაც ვუწევთ ანგარიშს და ამასთან დაკავშირებით, ის ოთხი შესწორება რაც კონსტიტუციაში შევა ძალიან პროგრესულია“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, მაღრაძე თვლის, რომ დღეს ქვეყანაში ოპოზიცია არა ქვეყნის, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ძალიან უცნაურია იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ამ დამატებების განხილვაში. ამ განცხადებებით ისინი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა თუ როგორი იქნება ქვეყნის მომავალი კონსტიტუცია, არამედ ვიწროპარტიული ინტერესების დაფიქსირებაა. ჩვენს ქვეყანაში უნდა წავიდეთ იმისკენ, რომ პარტიებისთვის მთავარი ამოცანა იყოს ქვეყანა და არა ვიწროპარტიული ინტერესები. დღეს ოპოზიცია ვერ თამაშობს იმ როლს რასაც უნდა თამაშობდეს ნორმალურ ქვეყანაში. ოპოზიცია გამოდის თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან და არა ქვეყნის ინტერესებიდან. როდესაც ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის ეს მმართველი პარტიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვან ძალად აღიქმება იმ თვალსაზრისით, რომ მისგან მოწოდებული შენიშვნები უფრო ყურადღებით არის განხილული“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები