გარემოს დაცვის სამინისტროში წყლის მართვის საკითხები განიხილეს
საქართველოსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) წყლის ექსპერტები , წყლის კოორდინირებული საინფორმაციო სისტემის განვითარების მიზნით, ორდღიან სემინარს გამართავენ, რაც ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია გარემოსთან, მათ შორის, წყალთან (რესურსი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისთვის, მათ შორის, ეკოსისტემებისთვის, საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის) დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება. მნიშვნელოვანია ათვისებული იქნას რელევანტური, სანდო, ეფექტური და დაბალანსებული მონაცემები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და წყლის რესურსების მოხმარების სიხშირე.
საფუძვლიანი ინფორმაციით შესაძლებელი იქნება მდგრადი და ეფექტური პოლიტიკის წარმოება, რაც ხელს შეუწყობს საზღვაო და მტკნარი წყლის ეკოსისტემების არსებობას, გამოყენებული იქნება რა, მნიშვნელოვანი ფუნქციები, დაწყებული წყლის ფილტრაციით, გაზავებითა და შენახვით, დამთავრებული წყალდიდობებისგან თავის არიდებით, ასევე კლიმატის ბალანსის შენარჩუნებით დაწყებული, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვით დამთავრებული.
ENI SEIS II პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში, რომელიც ახორციელებს გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის (SEIS) პრინციპებსა და პრაქტიკას. პროექტი ეფუძნება 2010-2015 წლებში ექვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) განხორციელებულ აქტივობებს. პროექტის მიზანიც გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მეშვეობით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გარემოს დაცვის წახალისების მხარდაჭერაა. პროექტი ბიომრავალფეროვნების, წყლის, ნიადაგის, ჰაერისა და გარემოს მდგომარეობის სფეროში შეფასების განვთარებას უწყობს ხელს.