ილია მეორე: გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მდიდრებს გაჭირვებულების დახმარებისკენ მოუწოდა. ილია მეორემ მრევლს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მიმართა.
„მამაო ჩვენოს” ლოცვა “და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან” მიგითითებს, რომ მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. აი, დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ, წმინდანები არიან. სიმდიდრე ეს არის განსაცდელი, ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან. სიმდიდრე, თავისთავად, არ არის ცოდვა, მაგრამ სიმდიდრე გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხონებისთვის“, -აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში.
“ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, ჩაგივლიათ და გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი, დავეხმარო თუ არა. თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო დალიოს ან არაყი, მაგრამ თუ არ დავეხმარები, ის მაინც დალევს. ამიტომ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაგივლია ადამიანისთვის, შემდეგ დაბრუნებულხარ და მიგიცია დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად.
მინახავს ისეთი ოჯახები, რომლებიც ზრდიან თავის შვილებს ამ ქველმოქმედებით, დახმარებას ასწავლიან თავის შვილებს. დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი, რომ მოიყვანონ სახლში. ბედნიერია ასეთი ადამიანი, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებული ბრუნდებიან შვილები, რომ ვერ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს”, – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები