გიორგი კაკაურიძე: რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორებიდან არ არის გამოწვეული
გიორგი კაკაურიძემ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველანაირი ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია. სხდომაზე, ასევე ოპოზიცია დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის.
კაკაურიძის თქმით, ლარის კურსმა პირველი რყევა 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ საკმაოდ დიდი რყევები იყო, მაგრამ საქართველოს სავაჭრო პარტნიორებ ქვეყნებში – თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება მოხდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების მიერ მილიარდობით რეზერვი იქნა გამოყენებული, რათა ვალუტის ცვალებადობა არ მოეხდინათ, მათ ამან არ უშველა და ვალუტის მყისიერი ცვლილება მოხდა. 90-იანი წლებიდან ნებისმიერი ტრენდი ამოვიღოთ, ნებისმიერი ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი ვნახოთ და მიხვდებით, რომ თუ გაუფასურება ხდება, შეუძლებელია, ეს გაცვლით კურსზე არ აისახოს. თუ დავას დავიწყებთ, რომ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ვალუტის ცვლილება ქართულ ლართან არაფერ კავშირშია, ეს სწორი არ იქნება და ძალიან კარგად გესმით, რომ ჩვენი ეკონომიკა მიბმულია და გაცვლითი კურსი მის ეფექტურ, ნომინალურ კურსს უბრუნდება“, – აღნიშნა კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობა ელოდება, რომ ექსპორტის ოქტომბერში მაღალი მაჩვენებელი იქნება და მისი 30 პროცენტიანი ზრდა მოხდება. ის ე.წ. ლარიზაციის პროგრამის განხორციელებასაც შეეხო.
„ყველანაირი ფაქტორი, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია. ფუნდამენტური ფაქტორებიდან არ არის გამოწვეული, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს. დიდწილად ლარის ცვალებადობაში წვლილი შეიტანა შექმნილმა მოლოდინებმა. ქვეყანაში მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ ყოველი წლის მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს. ბიზნესს, მოსახლეობას მოლოდინი აქვთ, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და როცა შემოსავლი უჩნდებათ, ცდილობენ, ვალუტის შეძენა მოახდინონ. სამართავია, რომ მოლოდინები სწორად იყოს ჩამოყალიბებული.
ქვეყანაში, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია, გაცვლითი კურსი პრობლემატურია. იმ ქვეყნებში, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი დაბალია, იქ გაცვლითი კურსის მერყეობა მოსახლეობასა და ბიზნესზე გავლენას არ ახდენს. დღეს სიტუაცია გვაქვს, როცა სესხების ლარიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას უფრო ნაკლები დამოკიდებულება აქვს დოლართან მიმართებაში, ვიდრე ერთი წლის წინ ჰქონდათ“, – დასძინა კაკაურიძემ.