ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ მესამედ დააკავეს
ე.წ. რუსი “მესაზღვრეების” მიერ ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე “არალეგალურად” შეღწევის მცდელობისას, საქართველოს მოქალაქის, გენადი ბესტაევის დაკავების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პიროვნება ე.წ. “საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით, წელს, უკვე მესამედ დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების საკითხზე უკვე მუშაობს.
„ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. “საზღვრის კვეთის ბრალდებით” საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს აღნისნული პირის გათავისუფლების საკითხი“, – აცხადებენ სუს-ში.
ცნობისათვის, საქართველოს მოქალაქის გენადი ბესტაევის დაკავების შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, წელს, აგვისტოსა და სექტემბერში, გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ ორჯერ დააკავეს და “ჯარიმის” გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.