“საქართველოს მთავრობამ თავისი გონივრული ეკონომიკური რეფორმების წყალობით შეძლო წარმატებულ ქვეყანათა ათეულში მოხვედრილიყო”

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება საქართველოს მთავრობის გონივრული ეკონომიკური რეფორმების შედეგია.
„მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის რეიტინგში, საქართველომ მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ თავისი გონივრული ეკონომიკური რეფორმების წყალობით შეძლო მოხვედრილიყო იმ ქვეყანათა წარმატებულ ათეულში, სადაც ბიზნესის კეთება და შესაბამისად საინვესტიციო გარემო არის ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში. წინა წლებთან შედარებით, საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ჩინეთი, ტაივანი და ლატვია,“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის, მერსი ტემბონის შეფასებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.
„მე მინდა ციტირება გავაკეთო ქალბატონი მერსი ტემბონის ტექსტისა, ეს გახლავთ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი, რომელიც ამბობს ჩვენი მთავრობის რეფორმებზე: „საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტოპ რეფორმატორი ქვეყანაა, რაც ხელს უწყობს მისი ინკლუზიური და მდგრადი განვითარების დაჩქარებას, საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავაც აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში. მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება მთავრობის თანმიმდევრულმა მუშაობამ და განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა“. ეს არის მსოფლო ბანკის რეგიონალური დირექტორისა სიტყვები და არა კონკრეტული დეპუტატისა თუ მთავრობის წარმომადგენლისა,“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკმა 2013 წლის შემდეგ, რეიტინგის განსაზღვრის მეთოდოლოგია შეცვალა და შესაბამისად, მაშინდელი მეცხრე ადგილი ახლანდელი რეიტინგის 23-ე ადგილის ტოლფასია.
„შეგახსენებთ ასევე, რომ 2013 წელს მიღწეული იყო არა მერვე, არამედ მეცხრე ადგილი, თუმცა ეს იყო ძველი მეთოდოლოგიით, მას შემდეგ შეიცვალა მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგია და პროცედურების სიმარტივის და სისწრაფის მაჩვენებლებს დაემატა ხარისხობრივი მაჩვენებლები და შესაბამისად მაშინდელი მეცხრე ადგილი ახლანდელი რეიტინგის 23-ე ადგილის ტოლფასია,“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები