„სახელმწიფო, მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ 4 რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს“
სახელმწიფო, მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ საკითხს მინისტრთა კაბინეტი სწორედ დღეს განიხილავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოთქმული მოსაზრებები, რომ თითქოს, ახალი მთავრობის დროს რელიგიურ ნიადაგზე შუღლი გახშირდა, სინამდვილე არ არის.
“ბოლო პერიოდში მესმის, თითქოს, ჩვენი მთავრობის დროს რელიგიურ ნიადაგზე შუღლი გახშირდა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მთავრობის დროს არათუ გაუარესდა ვითარება, არამედ გვაქვს გაუმჯობესება. გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიის მიმართ. ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც სახელმწიფოს ბიუჯეტი ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს. ესენია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნეობა და იუდაიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაფინანსება და ის ამ რელიგიებზე პროპორციულად გადანაწილდება, სახელმწიფო ბიუჯეტი რელიგიებს არ აფინანსებს, ამიტომ ეს ინიციატივა უპრეცედენტო დადასტურებაა იმის, რომ ჩვენ პატივს ყველა რელიგიას თანაბრად ვცემთ “,- განაცხადა პრემიერმა.