აფხაზური მედიის ინფორმაციით, “აფხაზეთის ნაკრებმა” დომინოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მეათე ადგილი მოიპოვა
დე ფაქტო აფხაზეთის მედიის ცნობით, “აფხაზეთის ნაკრებმა” დომინოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მეათე ადგილი მოიპოვა.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირი დომინოში კუნძულ კიურასაოზე, დედაქალაქ ვილემსტადში, 22-29 ოქტომბერს ჩატარდა. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ნაკრების წევრმა ალმას გაბუნიამ განუცხადა.
“მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი მაღალი ადგილი პირველად დავიკავეთ. პირველი ჯერისთვის ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია”, – აცხადებს გაბუნია.
დე ფაქტო აფხაზეთს მსოფლიო პირველობაზე წარმოადგენდნენ ასლან ბგანბა, რუდოლფ ლოლუა, თემურ ლაკერბაია, იურა ენიკი და ალმას გაბუნია. გაბუნია ასევე ყვება, რომ მათ გუნდს აეროპორტში დახვდნენ აშშ-ს და კიურასაოს დომინოს ფედერაციების პრეზიდენტები აფხაზეთის დროშებით.
„ტურნირის გახსნის დროს აფხაზეთის დროშა და სხვა მონაწილეების დროშები კიურასაოს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე იყო გამოფენილი. იყო ბევრი ის სპორტსმენი, რომელმაც აფხაზეთში გამართულ დომინოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. მათ ძალიან გაუხარდათ ჩვენი ნახვა და გვეკითხებოდნენ, ხომ არ ჩავატარებთ ასეთივე ტურნის აფხაზეთშიც“, – აღნიშნა ალმას გაბუნიამ.
აფხაზური მედიის მიერ მომზადებულ სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს, კანადის, პანამის, კოლუმბიის, პუერტო-რიკოს, რუსეთის, ვენესუელის და სხვა ქვეყნების გუნდებმა. წინა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა აშშ-ს შტატ ორლანდოში, შემდეგი კი მომავალი წლის სექტემბერში გაიმართება.
კუნძული კიურასაო კარიბის ზღვაში მდებარეობს და ის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენელი ქვეყანაა (2010 წლის ოქტომბრიდან თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსით).